კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი ამბავი ზესტაფონში მოხდება, სადაც საჩხერის “ჩიხურა” ლიდერ თბილისის “დინამოს” “უმასპინძლებს.” მეორე წრის დამთავრებას კი ორი ტურიღა უკლია, რის შემდეგაც გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან.
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი)
2 მარტი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 15:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, ბ. ნინუა, გ. ყრუაშვილი, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიცირებული: შოთა კაშია (“ჩიხურა”)
პირველ წრეში: 1:6
ტურის და ალბათ, მეორე წრის ცენტრალური მატჩია. უშუალო კონკურენტები ხვდებიან ერთმანეთს. ლიდერი “დინამო” 4 ქულით უსწრებს “ჩიხურას” და ზემოიმერელთაA წარმატების შემთხვევაში სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას კიდევ უფრო გაამძაფრებს. “ჩიხურა” მეტოქეს ამჯერად ზესტაფონში უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, ივანწმინდის სტადიონი ჯერ მზად არ არის და საჩხერელები ძირითადად ქუთაისში მასპინძლობდნენ ხოლმე ოპონენტებს, ერთი-ორჯერ გორი და მცხეთაც აირჩიეს “საკუთარ სარბიელად.” ზესტაფონში კი პირველად იქნებიან დამხვდურთა როლში. საჩხერელთა პრესსამსახურის ცნობით, სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ივანწმინდის სტადიონი, ფაქტობრივად, მზადაა და დიდი ალბათობით, 16 მარტს, სოსო ფრუიძის შეგირდები ქუთაისის “ტორპედოს” უკვე მშობლიურ სტადიონზე მიიღებენ.
მოგეხსენებათ, ამ ზამთარს ქართულ გუნდებში დიდი “მიდი-მოდი” იყო და ამ პროცესს არც “ჩიხურა” და “დინამო” ჩამორჩნენ. მაგალითად, საჩხერელთა მცველი გიორგი რეხვიაშვილი “დინამოში” დაბრუდა, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი, ლევან ხმალაძე და გივი კვარაცხელია სოსო ფრუიძის განკარგულებაში გადავიდნენ. შევიტყვეთ, რომ კლუბების შეთანხმების საფუძველზე, კვირას გრიგალაშვილი ვერ ითამაშებს. ხმალაძე და კვარაცხელია კი თავისუფალი აგენტები იყვნენ და თამაშის უფლება აქვთ. ასევე მინდორზე იქნება კიდევ ერთი დინამოელი, ჯაბა ჯიღაური, რომელიც “ჩიხურაში” არენდით თამაშობს.
ამათ ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია არ აქვს. ჩემპიონატში სულ 7-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, აქედან 6-ჯერ “დინამომ” გაიმარჯვა, ერთი მატჩიც ფრედ დამთავრდა. ბურთების სხვაობაც (26-6) თბილისელთა სასარგებლოდაა. საინტერესოა, რომ “დინამო” “ჩიხურას” ხშირად დიდი ანგარიშით ამარცხებს ხოლმე. პირველ წრეშიც 6:1 მოუგო. ესპანელმა ჩისკომ კი ზემოიმერლებს ჯამში 9 გოლი გაუტანა (აქედან ორჯერ ჰეთ თრიქი და ერთხელ დუბლი). ფრუიძის გუნდმა “დინამო” მხოლოდ ერთხელ, შარშან დეკემბერში, სუპერთასის მატჩში დაამარცხა (1:0).
გასულ ტურში ორივე გუნდმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა. საჩხერელებმა მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გამოგლიჯეს “სპარტაკს” გამარჯვება, დინამოელები კი სულაც შინ “სიონთან” დამარცხდნენ.
სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი)
2 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზვ. ერქვანია, გ. ელიკაშვილი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:1
“სიონმა” შუა კვირაში პატარა სენსაცია მოახდინა, როცა “დინამოს” სტუმრად 2:1 მოუგო. თუმცა მათი გამოცდილი შემადგენლობის გათვალისწინებით, “სენსაცია” ცოტა ხმამაღლა ნათქვამია. ქუთაისელები კი თავიდან ქმნიან გუნდს. მშობლიურ ქალაქში მიბრუნებული რევაზ ძოძუაშვილი ყველაფერს ნულიდან იწყებს და ვნახოთ.
მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი)
2 მარტი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00
მსაჯები: ლ. სილაგავა, ი. მაჩიტიძე, დ. კვეტენაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:6
“მერანის” მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. გუნდმა ვერაფრით იპოვნა საკუთარი თამაში და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. პირველ წრეში მეტალურგებმა ჭყონდიდელებს 6:1 მოუგეს. ამ მატჩში შედგა კახა ჩხეტიანის სამწვრთნელო დებიუტი, რომელიც გუნდში “დინამოში” წასული მალხაზ ჟვანიას მაგიერ მივიდა. ამის შემდეგ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მერანელებმა კიდევ 9 მატჩი ითამაშეს და მხოლოდ ერთხელ გაახერხეს ფრე. დანარჩენ 8 შეხვედრაში დამარცხდენენ. შედეგად, ჩხეტიანი გუნდიდან წავიდა და ზამთარში ის 42 წლის ზურაბ იონანიძემ შეცვალა.
“მეტალურგმა” წინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ “ვიტ ჯორჯისთან და ზედა ექვსეულში დამკვიდრების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ ახლა რუთაველები ყოველი ქულისთვის გააფთრებით იბრძოლებენ
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი
2 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:1
საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ვეტერინარებსაც ამოუჭრიათ გულში და რუსთავში დამარცხების შემდეგ, სავარაუდოდ “ზესტაფონს” კიდევ ერთ სერიოზულ გამოცდას მოუწყობენ, გია გეგუჩაძე კი ნელ-ნელა ალაგებს გუნდს. თებერვალში ორი თამაში, ორივე მოგება და ორივე 3:0. შთამბეჭდავი დასაწყისია.
ზუგდიდი – დილა (გორი)
2 მარტი. განმუხური. ცენტრალური. 15:00
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, გ. ჩიგოგიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:1
ზუგდიდში დიდი ცვლილებებია. მთლიანად შეიცვალა ხელმძღვანელობა, სათამაშო ფორმის ფერები, ლოგო და რაც მთავარია – სიტუაცია. მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას მისვლის შემდეგ ადგილობრივებს უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდათ და ეს, ალბათ, საფუძველს მოკლებული ოპტიმიზმი არ არის. ჯერჯერობით კი სასიკეთოდ ვერ არის საქმე. წინა ტურში ზუგდიდელებმა ზესტაფონში დიდი ანგარიშით წააგეს (0:3) და ისევ ბოლო ადგილზე დგანან.
“დილა” კი, როგორც მისი ხელმძღვანელები ამბობენ, კვლავაც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. ეგ არის, საგაზაფხულო ეტაპის პირველი მატჩი მთლად ხეირიანი ვერ გამოუვიდათ. შინ “გურიასთან” 1:3 წააგეს. თუმცა მარტო დამარცხებაში არ არის საქმე. ვინც ამ თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, გორელებს ის ჟინი და მონდომება აკლდათ, რითიც ჩვეულებრივ გამოირჩევიან ხოლმე.
გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი)
2 მარტი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00
მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
დისკლვალიფიცირებული: ლაშა ჭაფოძე (“სპარტაკი”)
პირველ წრეში: 1:0
ლანჩხუთელთა ბანაკში რამდენიმე სიახლეა. ჯერ ერთი, როგორც იქნა, საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება დართეს და ცხინვალელებს “ევგრაფი შევარდნაძეზე” დაუხვდებიან. დასწრება თავისუფალი იქნება. მეორე - როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, “გურია” მოსკოვის “დინამოსთან” ითანამშრომლებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა “დინამოს” პრესატაშე იგორ ერშოვი. ის ორ დღეს დარჩება ჩვენთან და კვირას, “სპარტაკთან” მატჩის წინ, ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. საუბარი სამომავლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარებას და ვეტერან ფეხბურთელებს შორის შეხვედრების გამართვას შეეხება. თანაც, როგორც თქვეს, ეს მოლაპარაკების წინასწარი ეტაპია.
1 | დინამო (თბ) | 19 | 13 | 3 | 3 | 43:15 | 42 |
2 | ჩიხურა | 19 | 11 | 5 | 3 | 38:24 | 38 |
3 | ზესტაფონი | 19 | 9 | 4 | 6 | 25:15 | 31 |
4 | გურია | 19 | 10 | 0 | 9 | 23:26 | 30 |
5 | სიონი | 19 | 8 | 6 | 5 | 24:20 | 30 |
6 | მეტალურგი | 19 | 8 | 5 | 6 | 25:23 | 29 |
7 | დილა | 19 | 7 | 7 | 5 | 24:18 | 28 |
8 | ვიტ ჯორჯია | 19 | 7 | 4 | 8 | 25:25 | 25 |
9 | ტორპედო | 19 | 6 | 5 | 8 | 20:25 | 23 |
10 | სპარტაკი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:30 | 14 |
11 | მერანი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:37 | 14 |
12 | ზუგდიდი | 19 | 3 | 5 | 11 | 8:27 | 14 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;