სხვა

18:25 | 18.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

კვალიფიკაცია ვერ გაიარეს

უაღრესად წარუმატებელი გამოდგა მსოფლიო ტურის მე-3 ეტაპის პლიაჟის ფრენბურთის ქართული წყვილებისთვის. იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ტურნირზე მოასპარეზე საქა-რთველომა და გეორ-გიამ საკვალიფიკაციო ბადის დაძლევაც კი ვერ მოახერხეს.
პირველები საქმეში ქალთა შეჯიბრის მონაწილე ბრაზილიელი ქართველები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში ჩაერთვნენ, თუმცა, მხოლოდ 40 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლეს.
კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა საქა-რთველომ საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ იტალიურ წყვილს (ფანელა-კამპანარი, 33-ე) 2:1 (21:18, 20:22, 15:11) სძლია, დასკვნით წრეში კი ბრიტანელებთან (ჯონსი-ბულტონი, მე-16) 1:2 (21:15, 18:21, 13:15) დამარცხდა.
პირველივე შეხვედრა წააგო და 24 ქულას დასჯერდა ვაჟთა წყვილი გეორ-გია, რომლის ღირსებას ასევე ბრაზილიელები რენატო გომეში და ჟორჟ ტერშეირო იცავენ.
გეორ-გიას კვალიფიკაციაში პირველი ნომერი ჰქონდა მიკუთვნებული, თუმცა, საწყის შეხვედრაში 32-ე რეიტინგის მქონე იტალიელებთან (ვანი-ლუპო) 1:2 (18:21, 21:14, 8:15) წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093696