სხვა

10:46 | 27.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

კვაჭატაძემ წონა შეიცვალა და ისევ გაჩემპიონდა

ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ორივე ხელი მოიტეხა, მაგრამ გადამწვეტი ბრძოლა მაინც მოიგო. ახლა მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა, თუმცა, ტიტულისთვის ბრძოლაზე უარი ვერ თქვა, 65-დან 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში აინაცვლა და აქაც უძლიერესი გახდა. 20 წლის კახა კვაჭატაძე ის ბიჭია, რომელიც ჭირს არ ეპუება, ჩხუბობს და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული რჩება.
კახა კვაჭატაძე: ქუთაისში ოთხი ბრძოლა გავმართე და ყველაზე მძიმე ფინალი გამოდგა. იქ მასპინძელს, ქუთაისელ მოკრივეს შევხვდი და დაძაბულ ბრძოლაში ქულებით ვიმარჯვე. პირველი რაუნდის შემდეგ მაგრად ვაგებდი 2:6, მეორეში ჩამორჩენა ორ ქულამდე შევამცირე, ხოლო ჯამში ორი ქულით 12:10 მოვიგე.
- ფინალში ბრძოლა იმიტომ ხომ არ გაგიჭირდა, რომ მასპინძელს ეჩხუბებოდი?
- არა, ძალიან კარგი ბიჭი იყო და მაქსიმალურად იყო მომზადებული. ჩემმა მოწინააღმდეგემ თავდადებულად იბრძოლა და მისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. გარკვეული პრობლემები მეც მქონდა. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე სიცხეები მქონდა და უკვე ფინალში, ხელის აწევაც კი მიჭირდა.
- რატომ გარისკე ასეთ მდგომარეობაში ჩხუბი?
- იმდენად მინდოდა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა, რომ ამას ყურადღება აღარ მივაქციე. დაღლა მხოლოდ მერე ვიგრძენი. აქამდე საქართველოს ჩემპიონი 65 წონით კატეგორიაში გავხდი, ხოლო ახლა ერთი საფეხურით ავინაცვლე და შანსს ვერ დავკარგავდი.
- ფინალამდე იოლად მიხვედი?
- მანამდე სამი ორთაბრძოლა ჩავატარე და ერთხელ მოვიგე ტექნიკური ნოკაუტით, დანარჩენები 14:1 და 15:2 მოვიგე. მარტო ფინალში იყო საჩოთირო ანგარიში.
- გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატს ახალქალაქმა უმასპინძლა. მასთან შედარებით ქუთაისში რამდენად კარგი ორგანიზება იყო?
- ძალიან კარგ პირობებში ვიყავით. მსაჯები თურქეთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი და ორგანიზების მხრივ ხინჯი არ იყო.
- თქვენთვის შარშანდელი გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია თუ წლევანდელი?
- წლევანდელი, რადგან უფრო მაღალ წონაში ვიჩხუბე, იმ წონაში, რომელში დარჩენასაც ვაპირებ. 65 და 69 წონით კატეგორიებში, მოკრივეებში დიდი სხვაობაა. გასულ წელთან შედარებით, სპორტსმენებს განვითარების დონეც მაღალი აქვთ, მით უმეტეს, რომ ახლა უფრო მაღალ დონეზე ვიჩხუბე.
- უახლოესი მიზნები როგორია?
- შეკრებას და ვარჯიშს იანვრიდან ვიწყებთ, მერე კი, სექტემბერში, ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გველის ბაქოში. იქ საუკეთესო რვა გუნდში უნდა მოვხვდე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. კრივის ფედერაცია კარგ შეკრებებს გვპირდება და იმედია, მომავალ ჯახებს მზადყოფნაში შევხვდები. კონკურენტად ყაზახი საპიევი მიმაჩნია, რომელიც ბოლო დროს კარგ შედეგებს აჩვენებს.
- შენი უპირატესობა ტექნიკაა თუ ფუზიკური მომზადება?
- ორივეს თანაბრად ვიყენებ. მარტო ერთით ფონს ვერ გახვალ. ისე ხდება, რომ სადაც უნდა გამოვდიოდე, მაყურებელი გვერდში მიდგას, ალბათ იმიტომ, რომ ლამაზად ვჩხუბობ. ახალქალაქში, გასულ წელს და ახლა ქუთაისში, გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მაკლდა. ისე, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ამ ერთ წელიწადში ქართულმა კრივმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს პეტრე ცისკარიშვილის და ვალერი ახალკაცის დამსახურებაა. უდიდეს ყურადღებას ვგრძნობ ნაკრების მწვრთნელ რამაზ ფალიანის მხრიდან და მას ამ გარჯას აუცილებლად დავუფასებ.
ზურა ქსოვრელი          
    
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088196