ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ თეირანში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე “ტახტის თასზე” ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, რომელიც უკვე 41 წლისაა, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავიდა ხალიჩაზე და ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, თურქ ალი ბონჩიოღლუსთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა.
“კურტანიძე ცდილობდა ლამაზად და ეფექტურად ეჭიდავა, რითაც მაყურებელი აღაფრთოვანა, მაგრამ ბლომად ქულებიც დაკარგა და საბოლოოდ 10:12 დამარცხდა” – იტყობინება ირანული სააგენტო ISNA.
დღეს “ტახტის თასზე” მედლები 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ტურნირში კურტანიძის გარდა ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა, ლევან ცალქალამანიძე, ბექა ბუჯიაშვილი (ოთხივე 57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დათო ქერაშვილიც (97 კგ) გავიდნენ. ბოლო მონაცემებით, ცალქალამანიძე, ბუჯიაშვილი და მაქარაშვილიც საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.