“უჩელინოდ” (ჩვენებურად პატარა ჩიტი) წოდებული შვედი ფორვარდი კურტ ჰამრინი 15 წლის განმავლობაში იცავდა იტალიური კლუბების ღირსებას და ბევრ დაუფლებულ წოდებასთან ერთად ბევრი გოლიც აქვს გატანილი. სკანდინავმა იტალიურ კლუბებთან ერთად სკუდეტო (1968), ჩემპიონთა თასი (1969), თასების თასი (1961, 1968), იტალიის თასი (1961, 1966) მოუგია. ჰამრინმა 575 ჩატარებულ მატჩში 312 გოლი გაიტანა, რომელთაგან 190 სერია A-ს შეხვედრებზე მოდის.
- ტურინის “იუვენტუსში” 21 წლისამ ამოჰყავით თავი. როგორ მოხვდით აპენინის ნახევარკუნძულზე?
- სტოკჰოლმში FIAT-ის ქარხანაში მომუშავე ერთმა ადამიანმა “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლებს ჩემ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ტურინელებმაც საქმეში მნახეს და “იუვენტუსში” მიმიწვიეს. თუმცა, ამ კლუბში არ გამიმართლა – სეზონის განმავლობაში ორჯერ მოვიტეხე ლავიწის ძვალი, თანაც, “იუვეში” სივორი და ჩარლზი თამაშობდნენ. იმხანად, მინდორზე ერთდროულად 2 ლეგიონერზე მეტის გაყვანა არ შეიძლებოდა...
- გამოდის, ისტორია, თითქოს ჯამპიერო ბონიპერტისთან უსიამოვნება შეგემთხვათ, არასწორია...
- ეს ჟურნალისტების მიერ გამოგონილი ამბავია. მეტსაც გეტყვით – მე და ბონიპერტის მშვენიერი ურთიერთობა დღემდე გვაქვს. მაგალითად, 1976 წელს მან მკითხა, ღირდა თუ არა მთავარ მწვრთნელად ჯოვანი ტრაპატონის მიწვევა. მე მას ვუთხარი, რომ ჯოვანი კარგი სპეციალისტია. ვგონებ, არც შევმცდარვარ.
- “იუვენტუსის” შემდეგ ერთი სეზონი “პადოვაში” გაატარეთ, სადაც ლეგენდარული ნერეო როკო გაიცანით...
- 1967 წელს კი მან “მილანში” მიმიწვია... “პადოვაში” ბრიგენტისთან წყვილში ვთამაშობდი და 30 მატჩში 20 გოლი გავიტანე. ჩემი საკონტრაქტო უფლებები “იუვენტუსს” ჰქონდა და “ფიორენტინას” პრეზიდენტმა ბეფანიმ ჩემ სანაცვლოდ ტურინელებს 100 მილიონი ლირა გადაუხადა.
- ფლორენციაში თქვენ გამოსვლას წარმატებული შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ “ფიორენტინასთან” ერთად სკუდეტო ვერ მოიგეთ...
- ჩემპიონობა მხოლოდ იდეალურად ორგანიზებულ კლუბს შეუძლია. “ვიოლა” ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი, ავიღეთ თასების თასი, ორჯერ დავეუფლეთ იტალიის თასს. “სკუადრა ვიოლას” შემადგენლობაში გამოსვლისას 208 გოლი გავიტანე, მათ შორის 150 ჩემპიონატში. “ფიორენტინას” საუკეთესო ბომბარდირი ვარ.
- შედარებით ახალი თაობის გულშემატკივრებს “ფიორენტინას” ყველა დროის გოლეადორად გაბრიელ ბატისტუტა ჰგონიათ. არგენტინელთან ეს საკითხი “გარკვეული” გაქვთ?
- 1999-2000 წლების სეზონის ბოლო მატჩში ბატისტუტამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და სერია A-ს გოლებით ერთით გამისწრო. პირველი ბურთი მან წესის დარღვევით გაიტანა, თუმცა, მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა. რეფერის სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო, ბატისტუტა კიდევ ორს ვეღარ გაიტანდა. თუმცა, ევროთასებზე გატანილ გოლებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, “ფიორენტინას” საუკეთესო ბომბარდირი მე ვარ და არა ბატისტუტა.
- ფლორენციის შემდეგ კარიერა მილანში განაგრძეთ და “როსონერისთან” ერთად სკუდეტო მოიგეთ...
- ფლორენციაში სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი, მილანში კი განსაკუთრებით პროფესიული ასპექტით გავიზარდე. 2 სეზონში გუნდთან ერთად ჩემპიონთა და თასების თასები, სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი მოვიპოვე. “როსონერიში” ბრწყინვალე ფეხბურტელებმა მოვიყარეთ თავი. რივერა, ლოდეტი, შნელინგერი, პრატი შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, მე, მალატრაზი და კუდიჩინი გამოცდილი ვეტერანები გახლდით. იდეალური შერწყმა გახლდათ. დავუმატოთ ამას მწვრთნელი ნერეო როკო - საოცარი დონის სპეციალისტი და ბრწყინვალე პიროვნება.
- საფეხბურთო კარიერა ნეაპოლში, “პარტენოპეის” რიგებში დაასრულეთ...
- “ნაპოლის” რიგებში 2 სეზონი ვითამაშე. ნეაპოლში გადასვლის მომხრე ჩემი ცოლი გახლდათ, თუმცა, თავად მაინც “მილანს” ქომაგობდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასასრული მიახლოვდებოდა, ნეაპოლში თავს მშვენივრად ვგრძნობდი. გუნდს კიაპელა წვრთნიდა, კარს დინო ძოფი იცავდა, ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ ჟულიანო და ალტაფინი.
- კარიერის განმავლობაში გატანილ გოლთაგან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- ბურთს, რომელიც 1964 წელს “იუვენტუსს” გავუტანე. იმხანად “ფიორენტინაში” ვთამაშობდი. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვნად კი იმ 2 გოლს ვთვლი, რომლებიც “ჰამბურგს” თასები თასის ფინალში გავუტანე.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მოთამაშე და მცველი, რომლის პირისპირაც ძლიერ გიჭირდათ?
- ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელსაც დავპირისპირებივარ პელეა. მეორე ადგილზე კი იმ ფეხბურთელს დავასახელებ, რომლის გვარის გაგებისას გაიოცებთ – ეს ფეხბურთელი ვიჩენცელი სავონია. იგი გასაქანს არ მაძლევდა, ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა. დავასახელებ ნილტონ სანტოსსაც – 1958 წლის ბრაზილიის ფენომენალური ნაკრების ღირსეულ წევრს.