სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:38 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” შთამბეჭდავი დებიუტი

მენთეშაშვილმა გოლი და საგოლე პასები დახატა


პირველი ლიგის B ზონის პირველ ტურში, “საბურთალომ” 4:1 სძლია ხობის “კოლხეთს”. როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი “საბურთალო”, 1996 და 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაემატათ: ზურაბ მენთეშაშვილი და რევაზ გოცირიძე.

მენთეშაშვილი... უნდა გენახათ, რა თამაში ჩაატარა. უდავოდ საუკეთესო გახლდათ მინდორზე და არ ვაჭარბებთ, მისი ორივე საგოლე პასი და გატანილი გოლიც ბრწყინვალე იყო. მენთეშაშვილი შავ სამუშაოს არ თაკილობდა და პასებსაც უნარიანად ანაწილებდა. კარგად ითამაშა გოცირიძემაც და საერთოდ, “საბურთალომ” პირწმინდად აჯობა ხობელებს, რომლებმაც პირველი ტაიმი აქტიურად ჩაატარეს, მეორეში კი აშკარად დაიღალნენ.

“საბურთალომ” მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში, როცა მენთეშაშვილის პასს გოცირიძემ ახლოდან ზუსტი დარტყმა შეაგება. ორ წუთში, ხობელებმა პენალტის უფლება მოიპოვეს: ოთარ ფიფიამ დაარტყა, მეკარემ მოიგერია, თუმცა იმავე ფიფიამ დამატებაზე შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:1.

მალევე, 23-ე წუთზე, მენთეშაშვილმა, როგორც იტყვიან, პასი დახატა. დაფარული გადაცემით გოცირიძე მოძებნა საჯარიმოში, რომელმაც დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ ბურთს ფეხი წაუკრა და 19 წლის ლიბიელმა შემტევმა ლორენცო ლერკმა ახლოდან შეაგდო – 2:1.

ტაიმი სრულდებოდა და ისევ მენთეშაშვილმა გამოიჩინა თავი: შორიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში – 3:1.

მეორე ნახევარი თავსხმა წვიმის თანხლებით დაიწყო, თუმცა 15 წუთში გადაიღო. მორიგი მომენტი ისევ მენთეშაშვილის მონაწილეობით შეიქმნა - მისი პასის შემდეგ გოცირიძემ ვერ გაიტანა, მეკარემ დაასწრო. შემდეგ, ლერკმა თავურით ძელს გაარტყა, რევაზ ბარამიძეს მეკარემ აუღო ახლო მანძილიდან... ბარამიძემ ბოლოს მაინც გაიტანა, თანაც მშვენიერი გოლი: შორიდან ტექნიკურად დაარტყა და ცხრიანში გაახვია ბურთი.

ასეთი თამაშის შემდეგ, პირველი ლიგის დებიუტანტი “საბურთალო” B ზონის ერთ-ერთ ფავორიტადაც კი უნდა ჩაითვალოს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მიზანი, მაინცდამაინც უმაღლესში გადასვლა კი არა, ახალგაზრდების დაოსტატებაა. ამ ახალგაზრდებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს – მათი უმეტესობა, ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ან კანდიდატია.  

ერთიც: მატჩის დაწყებამდე, “ბენდელას” ტერიტორიაზე “სალერის” მაღაზია გაიხსნა.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.218409