“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, განაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლენი გუნდში დარჩება.
რამდენიმე დღის წინ, “ტოტენჰემმა” ფრანგის სანაცვლოდ “წმინდანებს” 20 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება უარყვეს. კუმანის თქმით, ისინი კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშის გაშვებას არ აპირებენ.
“შნეიდერლენმა კვირას შესანიშნავად ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა. მასთან დაკავშირებულ ჭორებზე კი, შემიძლია გითხრათ, რომ ის გუნდში დარჩება”. – განაცხადა ჰოლანდიელმა.
შნეიდერლენის გარდა, კუმანმა გუნდის ახალწვეულებზე, გრაციანო პელესა და დუშან ტადიჩზე ისაუბრა.
“ტადიჩმა კარგად ითამაშა და მშვენიერი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მაღალი დონის მოთამაშეა.
მან და გრაციანომ უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ჰოლანდიის ჩემპიონატი არაა და გაცილებით მაღალი დონეა. თავდაპირველად, შესაძლოა გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ, თუმცა ნელ-ნელა გამოჩნდება, თუ რატომ დავიმატეთ ეს ფეხბურთელები”. – დასძინა მან.
საუბრის ბოლოს კი, ჰოლანდიელი მწვრთნელი 19 წლის ნახევარმცველს ჯეიმს უარდ-პროუსს შეეხო და განაცხადა, რომ მისით აღტაცებულია.
“ჯეიმსი ძალიან ნიჭიერია. მე მისი იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მას დიდი მომავალი აქვს წინ. მან უკვე ბევრი თამაში ჩაატარა როგორც აკადემიაში, ისე ძირითად გუნდში. ის დიდი მოთამაშეა. მე მომწონს მისი თამაში და საჯარიმოები. ამ კვირაში ჯეიმსს ვუთხარი, რომ დიდი მომავალი აქვს.
ბევრი მას დევიდ ბექჰემს ადარებს, რაც არასწორია, რადგან ასეთ დიდ ფეხბურთელთან შედარება ახალგაზრდა მოთამაშეს ფსიქოლოგიურ ტვირთად აწვება. მჯერა, რომ ჯეიმსი თავის ნიჭს სრულიად გამოავლენს და მისნაირი წარმატებული მოთამაშე იქნება”. – დაასრულა საუბარი 51 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში “საუთჰემპტონმა” სტუმრად წააგო (1:2) “ლივერპულთან”. მომდევნო ტურში, “წმინდანები” შინ “ვესტ ბრომვიჩს” მიიღებენ.
ირაკლი ალიმბარაშვილი