ავტოსპორტი

17:57 | 22.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცას აზრით, ტიტულს უებერი ან ალონსო მოიგებს

კორეაში ჩასულმა რობერტ კუბიცამ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვების საუკეთესო შანსები მარკ უებერს და ფერნანდო ალონსოს აქვთ. მართალია, ტიტულის მოპოვების მათემატიკური შანსი კიდევ სამ პილოტს აქვს, თუმცა პოლონელი დარწმუნებულია, რომ ბოლომდე ბრძოლას მხოლოდ ეს ორი პილოტი შეძლებს.
”უებერი, ან ალონსო. სულ სამი რბოლა დაგვრჩა და ჩემი აზრით, მათ ტიტულის დაუფლების საუკეთესო შანსები აქვთ. თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე. საერთოდ, ხშირად ხდება, რომ როცა ორს გამოჰყოფ, მესამე იგებს”, - განაცხადა კუბიცამ ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას.  პოლონელი პილოტის გარდა, პროგნოზებს ავტოსპორტის ბევრი სხვა ავტორიტეტიც აკეთებს და მათი ვარაუდი ხშირად განსხვავებულია. მაგალითად, ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონი სებასტიან ფეტელი გახდება. ამასთან, ის თვლის, რომ უებერი თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ტიტულის მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს.
მისგან განსხვავებით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა და მისი თანამემამულე გერჰარდ ბერგერი მიიჩნევენ, რომ ჩემპიონი ალონსო გახდება. ავსტრიელები თვლიან, რომ ალონსოს დიდ უპირატესობას აძლევს გუნდის უპირობო მხარდაჭერა. ეს მაშინ, როდესაც ”რედ ბული” აცხადებს, რომ სეზონის ბოლომდე, თავის პილოტებს შორის არცერთს არ გამოარჩევს. ამას შეიძლება ის შედეგი მოჰყვეს, რომ ფეტელმა და უებერმა ერთმანეთს ქულები წაართვან, რაც ალონსოს ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერთან ჩამორჩენის შემცირების დიდ შანსს აძლევს.
კუბიცა კი დასძენს, რომ კორეის ტრასა, რომელზეც მორიგი ეტაპი ჩატარდება, ყველაზე უკეთ ისევდაისევ, ”რედ ბულის” მანქანების მახასიათებლებს შეესაბამება. თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ ჩემპიონატის ლიდერების უპირატესობა ისეთი სოლიდური აღარ იქნება, როგორც თუნდაც იაპონიაში იყო.
”ვფიქრობ, კორეაში ფავორიტი ”რედ ბული” იქნება. მაგრამ სხვა გუნდები მათ უკვე წამოეწივნენ. ტრასის ზოგიერთი ნაწილი უკეთ ”ფერარის” მანქანას შეესაბამება, ზოგი - ”მაკლარენს”, თუმცა ”რედ ბული” ჯერაც საუკეთესოა”, - ამბობს კუბიცა.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/

 

0.090116