უკრაინის ქალაქ ლვოვში დასრულებულ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე კრივში ქართველმა ჭაბუკებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონის ტიტულს + 80 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე დოკვაძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ჯემალ შალამბერიძემ (+54) და ბერიკა მხეცაძემ (+70) მოიპოვეს.
სპორტის დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე კრივის ფედერაციამ განვლილი ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.
ჟურნალისტებს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და სპორტის დეპარტამნეტის თავჯდომარის მოადგილე გია გალდავა ესაუბრნენ.
პეტრე ცისკარიშვილი: “ყველას გილოცავთ ამ მართლაც დიდ გამარჯვებას. ეს არ ყოფილა შემთხვევითი წარმატება, ამ მედლებს წინ უძღოდა თვეების და წლების ერთობლივი მუშაობა, რამაც შედეგიც გამოიღო. ჩვენ სერიოზული მიზნები და ამბიციები გვაქვს და გვეჯერა, რომ ეს ჭაბუკები მომავალ ასაკობრივ კატეგორიებშიც თავს გამოიჩენენ. უნდა ითქვას, რომ ბევრი ქვეყანა ტურნირებზე გადაზრდილი მოკრივეებით გამოდის, ჩვენ სპორტსმენებს ასაკით დიდი მეტოქეებთან უწევთ ჩხუბი, მაგრამ ამ პრობლემასაც ღირეულად გაართვეს თავი და გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ”.
გია გალდავა: “მადლობა ჟურნალისტებს ასეთი აქტიური მუშაობისთვის და მადლობა მწვრთნელებს და მოკრივეებს ამ გამარჯვებისთვის. საქართველოში კრივის განვითარება სერიოზულად მიმდინარეობს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ყველა სინჯის მედალი კარგია, მაგრამ ოქროს მაინც სხვა ხიბლი აქვს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიჭებს წარმატებას და მომავალშიც გამარჯვებებს ვუსურვებ”.
ვლადიმერ ახალკაცი: “ახლახანს ჭიათურაში დამთავრდა ტურნირი, სადაც 140 მოკრივე გამოდიოდა. შემოდგომით კიდევ ჩავატარებთ ოდიშის ტურნირს. იმის თქმა მსურს, რომ რეგიონებთან სერიოზულად ვმუშაობთ და აქტიურად გვყავს ჩართული შეჯიბრებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.







