“კრისტალ პალასმა” სარეკორდო თანხად 7 მილიონ გირვანქად “უიგანიდან” ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტური შეიძინა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის მხოლოდ ფორმალობებიღაა მოსაგვარებელი. აღნიშნულ ცნობას “სკაი სპორტი” ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა მას შემდეგ გადაწყვიტა “კრისტალ პალასში” გადაბარგება, როცა მოლაპარაკებები “ლესტერთან” ჩაეშალა.
“ლესტერი” შოტლანდიელთან სიტყვიერად შეთანხმებული იყო, თუმცა ბოლო მომენტში გამოცდილი არგენტინელი ესტებან კამბიასო შეიძინა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა “უიგანის” მთავარი მწვრთნელი უვე როსლერი და ლესტერელთა საქციელი გააკრიტიკა.
“სკაი სპორტის” ცნობით “კრისტალ პალასი” ასევე დაინტერესებული იყო “ლესტერის” 22 წლის ფორვარდ კრის ვუდით, თუმცა მხოლოდ მაკარტურის გადაბირება მოახერხა.
ვიდრე “უიგანი” პრემიერლიგიდან გავარდებოდა ჯეიმს მაკარტური და შემდგომ უკვე “ევერტონში” გადაბარგებული ჯეიმს მაკარტი “უიგანის” ნახევარდაცვის ზონაში კარგ დუეტს ქმნიდნენ.
დიმა შარიქაძე