ფეხბურთი

12:30 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “მიუნხენის მატჩს ნაადრევ ფინალად ვთვლი”

 საფეხბურთო სამყარო 29 აპრილს ელოდება, როდესაც მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინლურც მატჩში ერთმანეთის პირისპირ “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” წარსდგებიან. მადრიდელთა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მომავალი პაექრობის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დესიმას შესრულებაზე ოცნებობს.

 - ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მითამაშია და პაუზის შემდეგ მინდორზე დაბრუნებამ ძალიან გამახარა. “ბაიერნთან” მატჩის მსვლელობისას თავს მშვენივრად ვგრძნობდი – არც შეხვედრის მიმდინარეობისას და არც მის შემდეგ რაიმე სახის მცირედი პრობლემა არ მქონია.

- მიუნხენში “რეალის” შანსს რა შეფასებას მისცემდით?

- ჩემი აზრით, საპასუხო ნახევარფინალური პაექრობა მადრიდულ დაპირისპირებას დაემსგავსება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ისეთსავე მანერაში ასპარეზობას ვაპირებთ, როგორც პირველ ნახევარფინალში. “ბაიერნი” ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” უპირატესობა მოვიპოვეთ და მის შენარჩუნებას ყოველმხრივ შევეცდებით. ბავარიელები საკუთარ მინდორზე ტრადიციულად მეტად ძლიერები არიან, მაგრამ “რეალი” საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და უახლოეს მომავალს ოპტიმიზმით ვუცქერთ.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ დესიმას შესრულება?

- დესიმას ვოცნებობთ, თუმცა, ეს ამბავი ფსიქოლოგიურად ცოტათი ხელს გვიშლის. ზედიზედ სამჯერ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და გადამწყვეტ მატჩში თამაშის დროც დაგვიდგა. საამისოდ კი ურთულესი მეტოქის, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიწევს. მიუნხენის მატჩს ნაადრევ ფინალად ვთვლი.

- ფინალი ლისაბონშია დანიშნული...

- ჯერჯერობით მხოლოდ საპასუხო ნახევარფინალზე ვფიქრობ.

- მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს გვერდს ვერ ავუვლით...

- მოდით ჯერ საკლუბო სეზონი ჩავამთავროთ. დასრულდება ჩემპიონთა ლიგა, პრიმერა დივიზიონი და ბრაზილიაში ჩასატარებელ ტურნირზე მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ. ჯერჯერობით კი ერთს მოგახსენებთ – პორტუგალიის ნაკრებს ფავორიტად არ თვლიან, რის გამოც ჩვენზე ნაკლები ზეწოლა იქნება. ვიმედოვნებ, ჩვენი ნაკრები ბრაზილიაში წარმატებით გამოვა.

- “ოქრობ ბურთის” გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე მეტად ემოციურად გამოიყურებოდით...

- პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი და ცრემლიც ვერ შევიკავე. შესაძლოა, ზედმეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ ჩემი რეაქცია ბუნებრივი და გულწრფელი იყო. იმ მომენტში სამართლიანობა აღსდგა და მრავალწლიანი მძიმე შრომაც სათანადოდ დამიფასდა.

0.11977