ინტერვიუები

22:19 | 21.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში: “ვუდსაიდი საქართველოს ნაკრებში თამაშს იმსახურებს”

იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა საკალათბურთო სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერის - “არმიას” მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი ასისტენტი - კოტე ტუღუში, რომელიც მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარზე იმყოფებოდა.

სამშობლოში დაბრუნებულ კოტე ტუღუშს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- ვინ იყო იტალიაში გამართულ მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორი?
- ამ სემინარის ორგანიზატორები იტალიის სერია A-ს საუკეთესო გუნდები: მილანის “ემპორიო არმანი”, “ბენეტ კანტუ” და “ბიელა” იყვნენ.
- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ სემინარის შესახებ.
- მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 12 მწვრთნელი მონაწილეობდა, რომლებიც მილანში, კანტუსა და ბიელაში გადანაწილდნენ. იტალიაში ერთი კვირა ვიმყოფებოდი. მილანი და კანტუ ავარჩიე და არც შევმცდარვარ. მილანელებს ევროპის ჩემპიონის - ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სერჯო სკარიოლო ავარჯიშებს. კანტუში ქართველი კალათბურთელების - მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის სანახავად ჩავედი. აღნიშნული სემინარის მიზანი, მწვრთნელების განვითარება და გამოცდილების გაზიარება იყო.
- იტალიურ სემინარზე ახალგაზრდა მწვრთნელები იმყოფებოდნენ?
- ახალგაზრდებთან ერთად, გამოცდილი მწვრთნელებიც იყვნენ.
- თქვენ როგორ მოხვდით იტალიაში?
- აღნიშნული სემინარის ჩატარების შესახებ 2011 წლის სექტემბრიდან ვიცოდი. იტალიაში ჩემი საზღვარგარეთელი მეგობრების დახმარებით მოვხვდი.
- სემინარის მონაწილე მწვრთნელები ვინ დააფინანსა?
- მგზავრობის თანხები მწვრთნელებმა, ხოლო იტალიაში ცხოვრების ფული სემინარის ორგანიზატორებმა გადაიხადეს.
- იტალიაში ყოფნით კმაყოფილი დარჩით?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი დავრჩი. მწვრთნელები გავიცანი და რაც მთავარია, გამოცდილება მივიღე. ჩემნაირი, დამწყები მწვრთნელისთვის კი, გამოცდილების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დავესწარი “კანტუ”-“რომას” შეხვედრას, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “კანტუს” გამარჯვებით დასრულდა – 73:72. შერმადინი საუკეთესო იყო - 18 წუთში 18 ქულა დააგროვა. საამაყოა, რომ იტალიაში ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოსა და ქართულ კალათბურთს სახელი გაუთქვეს.
- ახლა “არმიაზე” გკითხავთ. თქვენს არყოფნაში, სუპერლიგის მორიგ ტურში, დისკვალიფიცირებულ ჯერემი რიჩარდსონთან ერთად, არც გუნდის ერთ-ერთ ლიდერ, დავით საყვარელიძეს უთამაშია...
- გუნდში 14 კალათბურთელი გვყავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ შეხვედრაში ორ კალათბურთელს დასვენება უწევს. საყვარელიძე თავს კარგად გრძნობს. უბრალოდ, მისი დასვენება გადავწყვიტეთ.
- მორიგი ტურის შეხვედრა, პარასკევს, “რუსთავთან” გაქვთ სტუმრად. ამჯერად ვის დაასვენებთ?
- ჯერ არ ვიცი, ამას ხვალ გადავწყვეტთ. ალბათ, ერთ-ერთ ლეგიონერს დავასვენებ.
- თქვენი ლეგიონერების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ხუთივე ლეგიონერმა (ვუდსაიდი, დიასი, რიჩარდსონი, ტომასი, შელბომი) გაამართლა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანზე უმცროსიც კი ვარ, ურთიერთობებში უმნიშვნელო პრობლემაც კი არ არსებობს.
- ლეგიონერებიდან ვის გამოარჩევდით?
- უილიამ ტომასსა და ბენჯამინ ვუდსაიდს გამოვარჩევდი.
- თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იქნება ვუდსაიდის, ნატურალიზებული კალათბურთელის სახით, საქართველოს ნაკრებში გამოძახება?
- ვუდსაიდს კარგად დავახასიათებდი. ნაკრებში თამაშს იმსახურებს. დანარჩენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.
- მიმდინარე წელსაც თუ აპირებთ ევროჩელენჯში მონაწილეობას?
- ჯერ ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები, ევროჩელენჯზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.
 
როლანდ ლაბუჩიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092321