კალათბურთი

15:31 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში: “პოლონელების თამაში კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ”

ტრავმა არავის აწუხებს, მარკოიშვილიც სრულ მზადყოფნაშია

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქართველი კალათბურთელები უკვე “ცელიე არენაში” იმყოფებიან, სადაც თბილისის დროით 16:30 საათზე პოლონეთთან საწყისი შეხვედრაა დაგეგმილი.

ცხადია, ევრობასკეტის სტარტს ქართველი კალათბურთელები ამაღლებული განწყობით ხვდებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბიჭები სრულ მზადყოფნაში არიან და ტრავმა არავის აწუხებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა განგვიცხადა:

“ღმერთის წყალობით, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. დაშავებული არავინაა და ბიჭები ბოლო ვარჯიშზე სრულად დატვირთნენ. მოგეხსენებათ, მცირე ტრავმა ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილს, თუმცა, ყველაფერი კარგადაა და წესით, ტკივილგამაყუჩებლებიც არ უნდა დაჭირდეს”.

ცნობისთვის, დღეს დილით ქართველ კალათბურთელებს ვარჯიში არ ჰქონიათ, რისი მიზეზიც პრინციპში იოლი ასახსნელი გახლდათ. ”დიახ, აღარ გვივარჯიშია, რადგანაც თამაში ადრე იწყება და ზედმეტ დატვირთვებს მოვერიდეთ. სავარაუდოდ, ხვალაც ასე იქნება, რადგანაც კვლავ პირველი მატჩი გველის”.

და რას უნდა ველოდეთ პოლონეთის ნაკრებთან მატჩისას? “ცხადია, რთული თამაში იქნება. პირველი მატჩია და თან ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, პოლონეთის ნაკრები კარგ ფორმაშია და ჯგუფიდან გასვლას აპირებენ. დღეს მათი თამაშის ვიდეოანალიზს კიდევ ერთხელ ვუყურეთ და შევეცდებით, მატჩი საჩვენოდ წარიმართოს. ევრობასკეტის წარმატებით დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

0.11826