კალათბურთი

15:07 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში: “10 აგვისტოს ჩეხეთთან თამაშის შედეგს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. შესარჩევი ტურნირისთვის მზადების მიზნით დაგეგმილ ბოლო საკონტროლო მატჩებს “ჯვაროსნები” თბილისში 2, 3 და 4 აგვისტოს ჩაატარებენ.

მასპინძლებთან ერთად, მერიის თასზე საასპარეზოდ თბილისში დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვას ნაკრები გუნდები ჩამოვიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება თბილისში და სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაიარა, ხოლო სპარინგ მატჩები მაკედონიასა და სლოვენიაში, ოთხთა საერთაშორისო ტურნირებზე ჩაატარა. კოკოშკოვის გუნდი ლიტვაშიც იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

“ჯვაროსნების” შემადგენლობაში ამჟამად 14 კალათბურთელი ვარჯიშობს. ნაკრებს 4 აგვისტოს ტრავმამოშუშებული გიორგი შერმადინი შეუერთდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 13 კაციანი შემადგენლობა თბილისის საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

თბილისის მერიის თასის მატჩები 15:30 და 18:00 საათზე დაიწყება. ადგილების ხარისხის შესაბამისად ბილეთების ფასი 5 და 10 ლარი იქნება.

დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ თანაშემწე კოტე ტუღუშს ესაუბრა.

-       მანუჩარ მარკოიშვილის და რიკი ჰიკმანის შესარჩევ ტურნირში თამაშის შანსი კიდევ არსებობს?

-       სამწუხაროდ, არა. შესარჩევი ტურნირის ჩატარება მარკოიშვილისა და ჰიკმანის გარეშე მოგვიწევს.

-       რა არის მათი უთამაშებლობის მიზეზი?

-       ორივე მათგანს ტრავმა აწუხებს და ესაა უთამაშებლობის მიზეზი.

-       ევროპაში უამრავი ოკეანისგაღმელი კალათბურთელი თამაშობს, რომლებსაც ქართული პასპორტი აქვთ. მათი ნაკრებში აყვანა თუ მოხერხდება?

-       სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, რადგან დაგვიანებულია და ყველა თავის საქმითაა დაკავებული.

-       შესარჩევ ტურნირში მარკოიშვილის პოზიციაზე ვინ ითამაშებს?

-       ძირითადად ბესიკ ლეჟავა ითამაშებს, რომელსაც დუდა სანაძე ჩაანაცვლებს.

-       ტრავმები აწუხებდათ ზაზა ფაჩულიასა და ვიქტორ სანიკიძეს. ახლა თავს როგორ გრძნობენ?

-       ყველა ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობენ.

-       ჯერჯერობით ნაკრებს უარყოფითი ბალანსი (3 მოგება, 5 წაგება) აქვს საკონტროლო შეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებში და ვერც სასურველ თამაშს აჩვენებს...

-       შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი. იმედი მაქვს, მოუმატებს ნაკრები და სასურველ შედეგს აჩვენებს. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრას, სადაც ჩეხეთს ვმასპინძლობთ. ამ მატჩის შედეგი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

0.114209