ჩოგბურთი

21:19 | 7.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კოსტას ბიჭებმა სტუმრები “აჩეხეს”

ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო კოსტამ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სეზონის ტრიუმფით დასრულება უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე შეძლო. გასულ უქმეებზე პირენეელებმა დევისის თასის ფინალში, ბარსელონაში, ჩეხეთის გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე 5:0 გაანადგურეს.
“ძალიან ბედნიერი ვარ”, - განაცხადა კოსტამ გამარჯვების შეფასებისას. “2009 წელს დიდი სამუშაო გავწიეთ და გარჯა შესაბამისად დაგვიფასდა. ბიჭების თამაშით უაღრესად კმაყოფილი ვარ”.
კოსტამ განსაკუთრებული მადლობა კატალონიურ პუბლიკასაც გადაუხადა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მასპინძლებს დაუღალავად ამხნევებდა.
“მთელი უიკ-ენდის განმავლობაში, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით. გამარჯვება უკვე შაბათს გავიფორმებთ, თუმცა ტრიბუნები კვირასაც სავსე იყო. რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში ჩეხები სწორედ ჩვენმა ფანებმა გატეხეს”.
ესპანეთის ნაკრებმა პრესტიჟული ჯილდო მეოთხედ მოიპოვა. აქამდე პირენეელები დევისის თასს 2000, 2004 და 2008 წლებში ფლობდნენ. საინტერესოა, რომ კოსტამ 2000 წელს ჯილდო მოთამაშის რანგში მოიგო, ახლა კი მწვრთნელის რანგში იმარჯვა.
“ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ნაკრებში კაპიტნის რანგში დავბრუნდი და თასი კიდევ ერთხელ ავწიე. ჩემს ადგილზე ყოფნას, ალბათ, არაერთი კოლეგა ინატრებდა”.
ჩინებულ ხასიათზე გახლდათ რაფაელ ნადალიც, რომელიც ბოლო პერიოდში მომრავლებული პრობლემების ფონზე, ბარსელონაში ძველებურად სხარტად გამოიყურებოდა და ორივე მატჩში სეტისწაუგებლად იმარჯვა.
“თავს ჩინებულად ვგრძნობ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიდიოდა და კვირა შესაბამისი თამაშითაც დავასრულე. გასულ წელს, ფინალში წაგება ძალიან განვიცადე და ახლა, ფეხის დაცდენა აღარ მსურდა. მინდა, მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომელთაც ფინალამდე უჩემოდ მიაღწიეს, გადამწყვეტ მატჩებში კი ტიტულის ბრძოლისთვის შანსი მეც მომეცა”.
ფინალის კიდევ ერთ გმირად დევიდ ფერერი იქცა, რომელმაც რადეკ შტეპანეკთან დრამატული შეხვედრის შემობრუნება მოახერხა. იმ მატჩის საწყის სეტებში ესპანელი უმწუეოდ გამოიყურებოდა, თუმცა, გამოცდილი ჩეხის დაჯაბვნა მაინც შეძლო და ბოლო სამი სეტი სათავისოდ დაასრულა.
“ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი გახლდათ. საწყისი სეტების წაგების შემდეგ, ტირილის სურვილიც კი გამიჩნდა. მაშინ უბრალოდ ვერც კი წარმომედგინა, შტეპანეკი როგორ უნდა დამემარცხებინა. თამაშის შემდეგ ცრემლი ისევ მომაწვა, თუმცა, ეს უკვე სიხარულისგან მოხდა. გიჟური მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი”.

 

დევისის თასის 2009 წლის გათამაშების ფინალი
ესპანეთი – ჩეხეთი 5:0
რაფაელ ნადალი – ტომაში ბერდიხი 7:5, 6:0, 6:2
დავიდ ფერერი – რადეკ შტეპანეკი 1:6, 2:6, 6:4, 6:4, 8:6
ფელისიანო ლოპესი/ფერნანდო ვერდასკო – ბერდიხი/შტეპანეკი 7:6, 7:5, 6:2
ნადალი – იან ჰაიეკი 6:3, 6:4
ფერერი – ლუკაშ დლუჰი 6:4, 6:2

 

დევისის თასის ბოლო გამარჯვებულები
2000 ესპანეთი – ავსტრალია 3:1
2001 საფრანგეთი – ავსტრალია 3:2
2002 რუსეთი – საფრანგეთი 3:2
2003 ავსტრალია – ესპანეთი 3:1
2004 ესპანეთი – აშშ 3:2
2005 ხორვატია – სლოვაკეთი 3:2
2006 რუსეთი – არგენტინა 3:2
2007 აშშ – რუსეთი 4:1
2008 ესპანეთი – არგენტინა 3:1

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162612