ჯერ კიდევ მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა ადასტურებს, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის კარიერას ლონდონის “ჩელსიში” განაგრძობს.
“რატომ გადავწყვიტე “ჩელსიში” გადასვლა? მინდა გითხრათ, რომ ეს, დიდი ალბათობით, მოხდება. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, მომდევნო სეზონში “სტემფორდ ბრიჯზე” ვითამაშებ.
ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ყოველთვის მინდოდა, ხოლო “ჩელსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ამ გადაწყვეტილებამდე არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით მივედი. რა თქმა უნდა, ადგილსამყოფელის ხშირად შეცვლა ადვილი არაა, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის სერიოზულად მუშაობას ვაპირებ.” – ციტიერბს კოსტას სიტყვებს AS-ი.
ცოტა ხნის წინათ გაესპანელებულმა ბრაზილიელმა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გულშემატკივრების მიერ მისი მისამართით სტვენაზეც ისაუბრა: “ნაკრების არჩევის უფლება მაქვს, ხოლო გულშემატკივრებს უფლება აქვთ გადაწყვიტონ, დამისტვენენ თუ არა. როდესაც მოედანზე ხარ, მსგავს საკითხებზე არ ფიქრობ. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამისთვის მზად ვიყავი.”