მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ დიეგო კოშტა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
ესპანეთის სახელით მოთამაშე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "მალაგას" წინააღმდეგ (1:1) მატჩი მყესების ტრამვის გამო გამოტოვა და კატალონიელთა წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო.
"კოშტა კარგადაა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ნორმალურად ვარჯიშობს. "ბარსელონას" წინააღმდეგ იგი აუცილებლად ითამაშებს. რაც შეეხება კატალონიელებს, ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ მათგან საუკეთესო თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენ მათი არ გვეშინია და ბოლომდე დავიხარჯებით." - აღნიშნა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის დაპირისპირებაში გამოვლინდება და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. კატალონიელებს ჩემპიონობისთვის მხოლოდ მოგება აწყობთ.
გიორგი ბალახაძე