,,კარდიფ სიტის’’ ფორვარდის ანდრეას კორნელიუსის თქმით სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გამო ვერ ახერხებს თავის წარმოჩენას. კორნელიუსი დანიურ გამოცემა ,,ექსტრა ბლედტს’’ ესაუბრა.
,,ბოლო ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვემზადები, კომფორტულ ვითარებაში მიწევს ვარჯიში და უზარმაზარი სურვილი მაქვს ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო, ვაჩვენო რეალურად რა შემიძლია. გათავისებული მაქვს, ვიდრე თავს სასტარტო შემადგენლობაში დავიმკვიდრებ, მოცემული მცირე დრო მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენო, ამის შემდეგ მწვრთნელს გაუჩნდება საფუძველი ჩემი ძირითად შემადგენლობაში დაყენებისა.
რა თქმა უნდა, ტრავმამ დაღი დაასვა ჩემს პრემიერლიგურ კარიერას, თუმცა იმედი მაქვს მწვრთნელი კვლავ მომცემს შანს, იმედიანად ვარ განწყობილი, ვინაიდან მჯერა მაქვს რესურსი ასეთ მაღალ დონეზე წარმატებული თამაშისა”, - განაცხადა კორნელიუსმა.
დანიელმა ფორვარდმა ,,კარდიფის’’ გულშემატკივრებზეც ისაუბრა, რომელთაგან მხარდაჭერასა და სიყვარულს მუდმივად გრძნობს: ,,აქ ფეხბურთი რელიგიის დონეზეა აყვანილი. ხალხი მხვდება, მესაუბრება, აინტერესებთ როდის გამოვჯანმრთელდები, როდის ვითამაშებ. მოდიან ჩემთან და იღებენ სურათებს, მათში უსაზღვრო ენთუზიაზმს ვხედავ.
სტადიონზე საოცარი ვითარებაა. როცა ,,კარდიფი’’ შინ თამაშობს, ეს ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთული მატჩია, აქ გამარჯვება ნებისმიერ კლუბს მხოლოდ დიდი ძალისხმევის ხარჯზე შეუძლია. გულშემატკივრები მუდამ გვამხნევებენ და არენაზე საოცარი ატმოსფერო იქმნება’’.
კორნელიუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ,,კოპენჰაგენიდან’’ 8 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გაადაბარგდა უელსურ კლუბში, სადაც ტრავმის გამო ამ ეტაპზე მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოახერხა. კორნელიუსონს სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, სულ კი მინდორზე 12 წუთი დაჰყო.
დიმიტრი შარიქაძე