საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ მწვანე შუქი აუნთო კორეის პირველ დიდ პრიზს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ფედერაციის (FIA) ინსპექციამ სეულიდან 400 კილომეტრით დაშორებული იონგამის ახლახანს აშენებული ავტოდრომი მოიწონა.
ტრასას FIA-ს ინსპექციის შემოწმება ჯერ კიდევ სამი თვის წინ უნდა გაევლო, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მშენებლობა დასრულებული არ იყო, ინსპექცია რამდენჯერმე გადაიდო. და აი, იაპონიის დიდი პრიზის დღეებში, კორეული ეტაპის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ინსპექციის მისაღებად მზად იყვნენ. ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის მთელ ინფრასტრუქტურას კორეაში გამგზავრების თადარიგი დაეწყო - იმის გამო, რომ უცნობი იყო, ჩატარდებოდა, თუ არა კორეული რბოლა, იქ ჩასასვლელ ბილეთებსაც კი არავინ იღებდა.
ახლა კი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კორეის დიდი პრიზი დაგეგმილ დროს - 24 ოქტომბერს ჩატარდება. ესე იგი, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ეტაპი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს ჯერაც ბევრი ბრძოლა მოუწევს თავისი მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად.
”კორეის საერთაშორისო ავტოდრომი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა აგებული და ის ქვეყანაში მოტოსპორტის ეპიცენტრი გახდება”, - ამბობს კორეის დიდი პრიზის ორგანიზატორ კომპანია ”კორეა აუტო ვალეი ოპერეიშნის” შეფი ჩუნ იუნ-ჩო.
კორეული ტრასის ინსპექციას FIA-ს რბოლების დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა უხელმძღვანელა. ის კორეაში მაშინვე გაემგზავრა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ტრასის სავალ ნაწილზე ასფალტის ზედა ფენის დაგება დასრულებულია. ეს კი იაპონიის დიდი პრიზის დღეებში მოხდა.
თავის მოხსენებაში უაიტინგმა აღნიშნა, რომ ავტოდრომი თავისი ინოვაციურობით გამოირჩევა. ინოვაციურობა კი იმაში გამოიხატება, რომ ტრიბუნა ტრასასთან მაქსიმალურად ახლოსაა განთავსებული და რაც მთავარია, დაცულია მაყურებელთა უსაფრთხოება.
გუნდები კი კორეაში საუკეთესო პირობებს არ ელიან - ახალდაგებული ტრასა აბრაზიული იქნება, რამაც რბოლის დროს შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნას. არადა, ამ ეტაპზე, ჩემპიონობისთვის მებრძოლი პილოტებისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურად ასპარეზობაა.
ახალი ტრასის სიგრძე 5.62 კილომეტრია, რბოლაზე სულ 55 წრე იქნება გასავლელი, რაც ჯამში 309.15 კილომეტრია. დაბოლოს, ტრასის ტრიბუნებზე საერთო ჯამში 130 000 ადგილია.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







