კოპა ამერიკას 2015 წლის გათამაშებაში, მიწვეული მონაწილეების სტატუსით, მექსიკისა და იამაიკის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.
იმის გამო, რომ CONMEBOL-ის ზონაში 10 ნაკრებია გაწევრიანებული, ხოლო 1993 წლიდან მოქმედი ფორმატი 12 ნაკრებს საჭიროებს, სამხრეთ ამერიკელები ყოველ გათამაშებაში 2 ნაკრებს იწვევენ (გამონაკლისია 2001 წლის გათამაშება, როდესაც არგენტინის უარის გამო, საჭირო 3 ნაკრების მიწვევა გახდა). მექსიკა 1993 წლიდან კოპა ამერიკაზე ყოველთვის თამაშობს, ხოლო იამაიკა პირველად მიიწვიეს.
მექსიკის გარდა, კოპა ამერიკაზე მიწვეული მონაწილის სტატუსით უთამაშიათ ჰონდურასს, იაპონიას, კოსტა რიკასა (4-ჯერ) და აშშ-ს (3-ჯერ). თითოჯერ მიიწვიეს კანადა და ესპანეთი, მაგრამ ამ ნაკრებებმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადეს.
კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშება, რომელსაც ჩილე უმასპინძლებს, 11 ივნისიდან 4 ივლისამდე გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2014 წლის 27 ოქტომბერს შედგება.