ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თავის შეგირდებს მოუწოდებს დროებით დაივიწყონ იტალიის ჩემპიონატი და სრული კონცენტრაცია მოახდინონ “ლიონთან” ევროპის ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩზე. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ტურინული კლუბის პრესტიჟს აამაღლებს.
“ჩვენი ყურადღება ამ მატჩისკენაა მიმართული, რადგან ნახევარფინალში გასვლა “იუვენტუსის” პრესტიჟს აამაღლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიურმა კლუბმა ნახევარფინალში ბოლოს 7 წლის წინ ითამაშა. მოედანზე მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა უნდა გავიყვანოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძლოთ. მწვრთნელებმა ყველაზე უკეთ ვიცით ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სწორედ იმაში გვიხდიან ფულს, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ” – აღნიშნა კონტემ.
“იუვენტუსი” “ლიონთან” საპასუხო შეხვედრას 10 აპრილს გამართავს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საფრანგეთში ტურინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.