სხვა

20:02 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენცია სპორტულ მედიცინაში

პარასკევს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრ „მუზაში" საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო სახელწოდებით „სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, ფიზმომზადება და დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებები - აქტუალური საკითხები". საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და პატრონაჟით ორგანიზებულ სპორტული მედიცინის რეგიონალურ კურსებში, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება, ქართველების გარდა მონაწილეობას იღებენ გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი, ბელარუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტის მუშაკები. მათ შორის გერმანიის ოლიმპიური გუნდის ექიმი ალბერტ გუზბახერი, პოლონეთის სპორტული გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელი დანიელ კურკო, ბელარუსის სამედიცინო-სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელი ანატოლი კრუჩინსკი და წევრი ნატალია შიროვა, სომხეთის დოპინგსაწინააღმდეგო ლაბორატორიის მესვეური ალეგ ოვანესიანი.

მედიკოსთა გამოსვლებს ესწრებიან სპორტული ფედერაციების წარმომადგნელბი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა საავადმყოფოების ქირურგები და სპორტული გუნდების ექიმები.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნა. დამსწრეთ სიტყვით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმაც მიმართა. შემდეგ კი კონკრეტულ თემებზე გამოსვლები დაიწყო. მონაწილეები 6 თემაზე მსჯელობენ: სპორტული კვება, დოპინგი, ტრავმატიზმი სპორტში, ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია, სპორტული ფსიქოლოგია, ფიზმომზადება სათამაშო სახეობებსა და ორთაბრძოლებში.

საკმაოდ დატვირთული დღის ბოლოს, ორგანიზატორებმა უცხოელი სტუმრები მცხეთაში იახლეს, ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად.

სპორტული მედიცინის კონფერენცია ტრადიციულია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

0.111824