სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალი რეიტინგი ანუ ბანძუკე სპორტის ამ სახეობის ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო სანახავია. სამივე ქართველი რიკიში ადგილს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ინარჩუნებს, მათგან საუკეთესო ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კი ნოემბრის ბაშოზე კომუსუბის ტიტულით იასპარეზებს და ამ პრესტიჟული წოდების შენარჩუნებას უკვე მეორედ ეცდება.
ცნობისთვის, კომუსუბი სუმოს იერარქიაში მე-4 საფეხურია. უმაღლეს იოკოძუნას ტიტულს კვლავაც მხოლოდ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ატარებს, ოძეკი ისევ ოთხია – ბულგარელი კოტოოშუ, ესტონელი ბარუტო, მონღოლი ჰარუმაფუჯი და 38 წლის იაპონელი ვეტერანი კაიო, შემდეგ სეკივაკეები – იაპონელი ტოჩიოძანი და მონღოლი კაკურიუ მოდიან, კომუსუბის რანგში კი, ტოჩინოშინის გარდა, რუს არანსაც ვიხილავთ.
ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ბაშოს სასტარტო დღეს (შიო-ნიტი) რეიტინგის პირველ საფეხურზე მდგარ სუმოისტს ჭიდილი დასავლეთის კომუსუბისთან უწევს, ასე რომ, დიდი შანსია, ნოემბრის ტურნირის საწყის დღესვე ჰაკუჰოსა და ტოჩინოშინის შერკინება ვიხილოთ.
გორგაძე უკვე ლეგენდად ქცეული მონღოლის დამარცხებას ვერაფრით ახერხებს (ზედიზედ ხუთი წაგება), თუმცა, ამაში გასაკვირიც არაფერია – მონღოლი გოლიათი კი კარგა ხანია, უკვე აღარავისთან აგებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი ტურნირია, ჰაკუჰო ბაშოს ფენომენალური შედეგით, დაუმარცხებლად ანუ ძიონშოთი ასრულებს. შედეგად, “თეთრი ფენიქისის” წაუგებელი სერია უკვე 62 (!) ბრძოლას უტოლდება.
მომავალ ტურნირზე, რომელიც კუნძულ კიუშიუზე, “ფუკუოკა კოკუსაი სენთერში” 14-დან 28 ნოემბრამდე გაიმართება, მონღოლ გოლიათთან შერკინების პატივი, ოძეკების, სეკივაკეებისა და კომუსუბების გარდა, მოწინავე მაეგაშირებს – კოსენოსატოს, კოტოშოგიკუს, ამინიშიკის, ასასეკირიუს, ჰომაშოს, კიტატაიკისა და ჰაკუბასაც ერგებათ.
ჰაკუჰოსთან ჭიდილი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოუწევთ მაკუუჩიში რიცხულ დანარჩენ ქართველებს – კოკაისა და გაგამარუს, რომელთაც გასულ ტურნირთან შედარებით, ასევე შესამჩნევი პროგრესი განიცადეს. ქართულო სუმოს პიონერი ლევან ცაგურია ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა წოდებით ხვდება, თეიმურაზ ჯუღელი კი მისთვის სარეკორდო აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირობამდე აღზევდა.
გარკვეული პაუზის შემდეგ, მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდნენ ყბადაღებულ საბუქმეიქერო სკანდალში გახვეული სუმოისტები: 2000-2001 წლებში ოძეკის ტიტულის მატარებელი მიაბიამა, ექს-სეკივაკე ტოიონოშიმა, გოეიდო და პერსპექტიულ მებრძოლად მიჩნეული ოკინოუმი.
| ნოემბრის ბანძუკე | ||
| აღმოსავლეთი |
დასავლეთი |
|
| ჰაკუჰო | იოკოძუნა | |
| კოტოოშუ | ოძეკი | ბარუტო |
| ჰარუმაფუჯი | ოძეკი | კაიო |
| ტოჩიოძანი | სეკივაკე | კაკურიუ |
| არანი | კომუსუბი | ტოჩინოშინი |
| კისენოსატო | 1-ლი მაეგაშირა | კოტოშოგიკუ |
| ამინიშიკი | მე-2 მაეგაშირა | ასასეკირიუ |
| ჰომაშო | მე-3 მაეგაშირა | კიტატაიკი |
| ჰაკუბა | მე-4 მაეგაშირა | ტაკეკაძე |
| იოშიკაძე | მე-5 მაეგაშირა | ვაკანოსატო |
| კოკაი | მე-6 მაეგაშირა | ტოკუსეგავა |
| კოტოკასუგა | მე-7 მაეგაშირა | კიმურაიამა |
| ტამავაში | მე-8 მაეგაშირა | შიმოტორი |
| კიოკუტენჰო | მე-9 მაეგაშირა | ტოიონოშიმა |
| გაგამარუ | მე-10 მაეგაშირა | ტოსაიუტაკა |
| მოკონამი | მე-11 მაეგაშირა | ტოკიტენკუ |
| ტაკამისაკარი | მე-12 მაეგაშირა | ბუშუიამა |
| სოკოკურაი | მე-13 მაეგაშირა | ტოჩინონადა |
| გოეიდო | მე-14 მაეგაშირა | მიაბიამა |
| კორიუ | მე-15 მაეგაშირა | კასუგაო |
| შოტენრო | მე-16 მაეგაშირა | ოკინოუმი |
| ჰოკუტორიკი | მე-17 მაეგაშირა |







