გულშემატკივრის სვეტი

11:25 | 19.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კომუნიკაცია “სხვა განზომილებაში“

ორი დღის წინ, ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა თბილისის “დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. თუკი თბილისური კლუბის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ, დევდარიანის გუნდიდან წასვლა ლოგიკურიც იყო და გამართლებულიც. დევდარიანის გზას, “დინამოს“ სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძეც დაადგა. ნემსაძემაც, წასვლის მიზეზად, გუნდის ცუდი თამაში დაასახელა. ორი გიორგის  “დინამოდან“ წასვლას განსაკუთრებულ სკანდალად და მითუმეტეს, ტრაგედიად ვერ განვიხილავთ. პირიქით, დასაფასებელია ამ ადამიანების პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლებმაც დაკავებულ თანამდებობაზე ჩაბღაუჭება არ იკადრეს და საკუთარ გზაზე წავიდნენ. მაგრამ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს მაინც ვერ გაურკვევიათ, რა სჭირს თბილისის “დინამოს“. გუნდს, რომელმაც ბოლო პერიოდში ფინანსურადაც მოიდგა წელი, ცნობილი ფეხბურთელებიც შეიძინა და (თუნდაც, ესპანელი თავდამსხმელის -ჩისკოს ტრანსფერი რად ღირს) ფეხბურთელებს ხელფასებიც გაეზარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, ფაქტია, რომ ამ შესაძლებლობებით, “დინამო“ საქართველს ჩემპიონატში ისე უნდა თამაშობდეს, ამ გუნდის სახელსა და ავტორიტეტს რომ ეკადრება. სამწუხაროა, რომ ახლა “დინამოს“ “ფრეების გუნდადაც“ კი მოიხსენებენ და სრულიად სამართლიანადაც. ზედიზედ ამდენი მოუგებელი მატჩი ნათელყოფს იმ პრობლემებს, რაც დღეს “დინამოს“ წინაშე დგას.

 როდესაც გიორგი დევდარიანი გუნდიდან წავიდა, გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე მეტად საინტერესო რამ თქვა. აი, გიორგის სიტყვებიც: “ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით. წლების განმავლობაში ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელების მხრიდან მიჩვეული ვიყავი სათამაშო დისციპლინის სრულ მორჩილებას, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე“. გამოდის, რომ დევდარიანის უპირველესი პრობლემა ფეხბურთელებთან ურთიერთობა ყოფილა. იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ჯერ განსაკუთრებული წარმატებებისათვის ნამდვილად არ მიუღწევიათ, “თავში ავარდნის“ სენით რომ შეპყრობილიყვნენ. რატომ ვერ შედგა მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაცია? სამწუხაროა, რომ გიორგი დევდარიანმა ამ ყველაფრის ძირითად მიზეზებზე არაფერი თქვა და მხოლოდ შედეგებზე წუწუნით შემოიფარგლა. თავი და თავი კი, მოგეხსენებათ, მიზეზებია. თუ ნებას მომცემთ, ათი წლის წინანდელ ერთ მეტად ნიშანდობლივ ამბავს გავიხსენებ. მეგობრებთან ერთად, სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი ქართული საფეხბურთო კლუბის ვარჯიშს დავესწარი. ის კლუბი იმ პერიოდში საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა და მეგობრებმა “რამის გაფუჭებას“, სტადიონზე შევლა და დროის ასე გაყვანა ვარჩიეთ. პირველ რიგში, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, იყო ის, რომ ფეხბურთელები მწვრთნელს დაახლოებით ისე მიმართავდნენ, უბნელ ძმაბიჭს რომ მიმართავენ თბილისელი ჯეელები: “ჰო, კაი რა, “სიმონიჩ“ (“სიმონიჩს“ ფიგურალურად ვამბობ), ხო ვირბინე ტო?! დავისვენებ და მერე დავარტყამ წრეს, ამის დედაც...”, ”ეეე... დაიწყო ახლა ამან თავისებურად. თამაშის დროს მაინც ”ზამენაზე” უნდა დამსვა ხო ვიცი”, ”არ მევასება ეს უკან დაწეული თამაში და გამიხურე რა საქმე”... ასე ემახვილსიტყვავებოდნენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ძალიან შემცდარხართ, თუკი ფიქრობთ, რომ მწვრთნელი ამის გამო დიდად განაწყენდა. შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი დევდარიანს ფეხბურთელები ამ დონეზე ჰყოლოდა გათავხედებული, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ქართულ ფეხბურთში ფეხბურთელთა მხრიდან მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობის და მისი დავალების შეუსრულებლობის ფაქტებს ხშირად ვაწყდებით. არის ეს მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი? რასაკვირველია, მხოლოდ ფეხბურთელებს ამას ვერ დავაბრალებთ. ფეხბურთელი ბურთის გორებას ბავშვობიდან იწყებს. სწორედ იმ პერიოდში უმუშავდება მას მწვრთნელის მიმართ დამოკიდებულებაცა და თანაგუნდელებთან ურთიერთობის უნარებიც. ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში მოფუსფუსე ზოგიერთმა მწვრთნელმა, ხშირად ბავშვებთან კი არა, საკუთარ მეზობელ აქვსენტასთან მოქცევის წესიც არ იცის. რაღა შორს წავიდე, სამი წლის წინ ბაკურიანში, უფრო კონკრეტულად კი, ბაკურიანის სახინკლეში, საკუთარი თვალით ვნახე საწვრთნელ შეკრებაზე ჩასული ქუთაისის ფეხბურთელ ბავშვთა ერთ-ერთი გუნდი. (ბავშვები 13-14 წლისები იქნებოდნენ) სამ-სამი ჭიქა არყის დაშხოშიანად ”ჩაფენის” შემდეგ, მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც ამოაცოცეს სიგარეტები და ისეთი ”ქულ-ფართი” მოაწყვეს, მაიას ტომის ინდიელებსაც კი რომ არ დასიზმრებიათ. ამის მერე, ძნელია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის რაიმე ჯანსაღ ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ.
 გიორგი დევდარიანი საკმაოდ კარგად მოღვაწეობდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში და იმედია, ეს კაცი თავის საქმეს მომავალშიც წარმატებულად განაგრძობს. იმის იმედიც მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ”დინამოსაც” დაადგება საშველი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მაჩანჩალა კლუბების მსგავსად, ფრეებით აღარ ”მოიწონებს” თავს. მხოლოდ ის არ ვიცი, იმ მწვრთნელებს რა ეშველებათ, ფეხბურთელები რომ ”ეძველბიჭებიან” და სიგარეტს ცხვირ-პირში უბოლებენ...
 
ლევან სეფისკვერაძე
 
    
 
0.115905