კომპანია “სოკარი” რომ ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია, ეს საქმითაც არაერთხელ დამტკიცებულა. იგი წლებია, სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეაქვს.
უკვე ერთი წელია, “სოკარი” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია. ამ ხნის მანძილზე დიდი იყო მისი როლი ოლიმპიური პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებაში, სეოკ-ის მიერ ორგანიზებულ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობაში, ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის წინსვლაში.
4 ივნისს, სეოკ-მა და სოკარმა ხელშეკრულება შემდგომი ვადით კვლავ გაახანგრძლივეს. მემორანდუმს ხელი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის დირექტორმა მაირ მამედოვმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოაწერეს.
“ვცდილობთ ქართულ სპორტს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. გეცოდინებათ, რომ რამდენიმე ფედერაციის პარტნიორი ვართ. ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთობა ჩვენთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში “სოკარის” მოკრძალებული წვლილიც იქნება” – აღნიშნა მაირ მამედოვმა.
კომპანია “სოკარის” მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. კარგად ვიცით, რომ იგი სხვადასხვა ფორმით და დოზით ქართული სპორტის სამსახურშია. ჩვენ “სოკარის” ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ახლოვდება სეოკ-ის 25 წლის იუბილე და კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ. მოხარული ვარ, რომ “სოკარი” ჩვენს გვერდით იქნება” – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა “სოკარის” სათაო ოფისში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე.
www.geonoc.org.ge