ფეხბურთი

22:44 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთის” პირველი გამარჯვება

ფოთის “კოლხეთმა” საჩხერის “ჩიხურას” ლანჩხუთში უმასპინძლა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ფოთელებს განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდათ, რადგან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ “კოლხეთს” მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ გამარჯვება არ ჰქონია.

მატჩის დაწყების წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “კოლხეთის” ადმინისტრატორის, ფრიდონ გოროზიას ხსოვნას.

მატჩის  საწყისმა 15-მა წუთმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა. გოლის გატანის შანსი კი მე-17 წუთზე “კოლხეთს” ჰქონდა, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ არ გაუღიმათ მასპინძლებს. ჯიქიას წაქევის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმა ლუკა გუგუჩიამ შეასრულა, მისი დარტყმული მეტოქე გუნდის კარის გვერდითა ძელს მოხვდა. უნდა ითქვას, რომ გუგუჩია ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის მხრიდან.

 28-ე წუთზე ისევ ჰქონდათ ნომინალურ მასპინძლებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა ამბროლაძის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ჯიქია ვერ შეწვდა.

 29-ე წუთზე “ჩიხურამ” სიხარულიას ახლო მანძილიდან დარტყმულით უპასუხა მეტოქეს, მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

 30-ე წუთზე გუგუჩიამ ითამაშა კარგად, მან ერთგვარი სოლო რედი განახორციელა - სამ ფეხბურთელს გაცდა ტექნიკური მოძრაობით, მაგრამ საბოლოოდ ბურთი გაექცა.

 თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, 38-ე წუთზე დეკანოიძემ მეკარის ძალები შორეული დარტყმით მოსინჯა, ძაგანია უშეცდომო იყო.

პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.

 მეორე ტაიმის საწყის წუთებში სახიფათო მომენტი არ შექმნილა, 62-ე

წუთზე ფლანგიდან ისევ დეკანოიძე დაემუქრა ფოთელთა კარს, თუმცა მცირე მანძილით ააცილა.

 თამაშის სცენარი ისე ვითარდებოდა, სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი მატჩის ფრედ დამთავრებას ელოდა, მაგრამ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

 84-ე წუთზე “ჩიხურას” საჯარიმოში ჯიქიამ მიიღო ბურთი და კარისკენ უძლიერესად დაარტყა, ქვილიათაია უძლური იყო 1-0.

 დარჩენილ 5 წუთში საჩხერელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ “კოლხეთმა” ბოლომდე იბრძოლა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ზაზა ინაშვილი: “ მოგეხსენებათ “კოლხეთს” საკმაოდ ცუდი სტარტი ჰქონდა. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს რამაც შედეგი მოიტანა. ეს გამარჯვება “კოლხეთის” შემდგომი წარმატებების საწინდარი იქნება.”

სოსო ფრუიძე: “ რა თქმა უნდა წაგებას არ ველოდით, მაგრამ ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლობლები ვერ გამოავლინეს. დასანანია, როცა მთელი ორი ტაიმი უპირატესობას ფლობ და მატჩის მიწურულს გოლს გაუშვებ.”

 

ლანჩხუთი. ე.შევარდნაძის სახელობის სტადიონი 16:00

“კოლხეთი” (ფოთი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 1-0 (0-0)

“კოლხეთი” ძაგანია, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, გოგონაია, გუგუჩია, ჯიქია,  გუგუშვილი (ქორჩილავა 59), ამბროლაძე (დ. სიჭინავა 74), ნევუჩე (ბარამიძე 46).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

“ჩიხურა”: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, სიხარულია, მუმლაძე (კუჭუხიძე 63), დობროვოლსკი (ჩიკვაიძე 81), კორიფაძე, კაშია, დეკანოიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლი: ჯიქია (84)

გაფრთხილება: გუგუჩია (30), დეკანოიძე (52)

მთავარი მსაჯი:  ლაშა სილაგავა

 

 

 ედემი ელერჯია

0.158195