ფეხბურთი

13:35 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურე: “ გუნდის გაძლიერების ერთადერთი მეთოდი კონკურენციაა”

 კოტდივუარელი მცველი კოლო ტურე წინასასეზონოდ “ლივერპულის” მეოთხე შენაძენი გახდა ლუის ალბერტოს, იაგო ასპასსა და სიმონ მინიოლეს შემდეგ. 32 წლის აფრიკელი უკანახაზელი მერსისაიდელთა ღირსებას მეოთხე ნომრიანი მაისურათი დაიცავს. გთავაზობთ ინტერვიუს კოლო ტურესთან, რომელიც მას “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩამოართვა.

 - რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის “ლივერპულში” გადმოსვლა?

- ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და საუკეთესო გუნდის წევრი გავხდი, ამიტომაც “ენფილდზე” მისვლის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. როდესაც “სიტი” დავტოვე, ჩემთვის უმთავრესი დიდ ბრიტანეთში დარჩენა იყო, რადგანაც ინგლისურ პრემიერლიგას მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირად ვთვლი. კონკრეტულად “ლივერპულს” რაც შეეხება, ამ კლუბზე არჩევანი მისი უმდიდრესი ისტორიიდან გამომდინარე გავაკეთე. “ენფილდზე” შეუდარებელი ატმოსფერო დამხვდა, გულშემატკივრებმა კი ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვეს. გასული სეზონის დასრულების შემდეგ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი “სიტიდან” აბარგება. ამჟამად კარიერის ახალ ეტაპს მივუახლოვდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ლივერპულში საკუთარ როლსა და ადგილს სად ხედავთ?

- 30 წლის ასაკში თავის გამოჩენის ახალი შანსი მომეცა და მას სრულად გამოვიყენებ. “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტიში” ცუდად არ მითამაშია და “ლივერპულში” გამოსვლის დროსაც დავამტკიცებ, კლუბის ხელმძღვანელობა ჩემი მიწვევით რომ არ შემცდარა. თავს კარგ მცველად ვთვლი და ვფიქრობ, ჯეიმი კარაგერის სათანადო დონეზე შეცვლას მოვახერხებ. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. ტიტულების მოხვეჭისადმი ინტერესი და მოტივაცია კიდევ უფრო გამეზარდა. ამიტომაც შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ, რათა “ლივერპულს” წარმატების მიღწევაში სამსახური გავუწიო.

- “არსენალსა” და “სიტიში” 2 საჩემპიონო წოდება მოიპოვეთ. შეძლებთ კიდევ ერთი ტიტულის “ლივერპულში” თამაშისას მოხვეჭას?

- ამის რომ არ მწამდეს, “ენფილდზე” არ გადმოვიდოდი.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ახალი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე პირველად მოხვდით?

- ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სკოლის მოსწავლე ვიყავი და ახალი სკოლაში მივედი სწავლის გასაგრძელებლად. პირველი სტივენ ჯერარდი შემეგება და მითხრა, თუკი რაიმე უხერხულობა შემემთხვეოდა, მისი დახმარების იმედი უნდა მქონდეს. ეს ფაქტი “ლივერპულის” საკლუბო მენტალობას კარგად ახასიათებს. შემდეგ მთავარი მწვრთნელი და სხვა მოთამაშეები დამელაპარაკნენ. მათგან აშკარად ვიგრძენი, რომ “ლივერპული” ერთ მუშტად შეკრეული კოლექტივია.

- ზემოთ ჯეიმი კარაგერის შეცვლაზე გაამახვილეთ ყურადღება. ამაზე უკვე ესაუბრეთ მთავარ მწვრთნელს?

- ბრენდან როჯერსთან უპირველესად გუნდურ მოქმედებებზე გავამახვილეთ ყურადღება. მომწონს, როცა თამაშის მსვლელობის კონტროლში ვიღებ მონაწილეობას, პარტნიორების თამაშს ორგანიზებას ვუკეთებ. ჯეიმი კარაგერის წასვლა ჩემი “ენფილდზე” მოსვლის უმთავრესი მიზეზი გახდა. იგი “ლივერპულის” ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ, ჯეიმის პროფესიონალიზმი ჩემთვის სამაგალითოა. მისი სათანადოდ შეცვლა რთულია, თუმცა, პასუხისმგებლობას არ გავურბი და გამოწვევას მონდომებით ვუპასუხებ.

- “ლივერპულში” საკმაოდ მაღალი კლასის გამოცდილი ფეხბურთელები ირიცხებიან. მათთან კონკურენციას ხომ არ უფრთხით?

- მარტინ შკრტელის, დანიელ აგერის, სებასტიან კოატესის თამაშზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს და მათთან კონკურენცია იოლი არ იქნება. ამასთან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ვიბრძოდი და კონკურენციისთვის მზად ვარ. “არსენალში” ყოფნისას სოლ კემპბელთან, მარტინ კიოუნსა და ტონი ადამსთან მიწევდა ბრძოლა სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად. ამ ფეხბურთელების დასახელებაც კი საკმარისია იმის წარმოსადგენად, როგორი რთული ამოცანის წინაშე ვიდექი არსენ ვენგერის გუნდში ასპარეზობისას. ჩემი აზრით, გუნდის გაძლიერების ერთადერთი მეთოდი მოთამაშეთა შორის წარმოებული ჯანსაღი კონკურენციაა.

- თქვენ ძმას თუ ესაუბრეთლივერპულშიგადმოსვლის შემდეგ? 

- იაია შვებულებაშია და მასთან კონტაქტი არ მქონია. ამიერიდან იგი “მანჩესტერ სიტიში” ტურეს ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. ძმას მანჩესტერის გუნდში გამოსვლისას საუკეთესოს ვუსურვებ.  

თეგებიკოლო ტურე
0.11705