რაგბი

16:54 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოლელიშვილის მეოთხე ლელო

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი წელს საუკეთესო სეზონს ატარებს და ეს საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მე-20 ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

“კლერმონის” საკუთრებამ და “ლიონში” განათხოვრების წესით მობურთალმა 24 წლის მორაგბემ, კლუბის მაისურით მე-14 თამაში ჩაატარა და მეოთხე ლელო გაიტანა, მისი გუნდი კი, სატურნირო ცხრილს ლიდერობს და დიდი ალბათობით Top 14-ში დაბრუნდება.

ვიტოს “ლიონი” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” მასპინძლობდა, მეტოქეს რვა ლელო გაუტანა და 52:5 გაანადგურა. კოლელიშვილმა 77-ე წუთამდე ითამაშა და გუნდის მესამე ლელო 36-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 17:0 გახდა. შეყლაშვილი განაცხადში იყო და პირველ ტაიმში ტრავმირებული თანაგუნდელი 6 წუთით შეცვალა და მეორე ტაიმში 50-ე წუთიდან ითამაშა. “ბეზიე” 39 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო ლიდერმა “ლიონმა” 74 მოაგროვა და 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.

მდევარი ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელია”, რომელმაც ერთ-ერთი კონკურენტი “პო” 28:23 დაამარცხა და მეორე ადგილზე 63 ქულით გამაგრდა. ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა განვლილ მატჩში 74-ე წუთიდან ითამაშა. ტარიელ რატიანიძის “აჟენი” სტუმრად “ნარბონთან” ქართველი ლეგიონერის გარეშე 24:33 დამარცხდა, მეორე ადგილი დაკავა და 62 ქულით მესამე საფეხურზეა.

წარმატებულ სვლას განაგრძობს გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”. გუნდმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, 54 ქულით მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულა აშორებს საპლეიოფო ზონას. მეოცე ტურში “ტარბმა” “ბურგონი” 18:16 დაამარცხა. სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო - ნემსაძემ სრულად ითამაშა, ჩხაიძემ მოედანზე 51 წუთი გაატარა, ხოლო მირცხულავა შესვენებისას შეცვალეს. მასპინძლებმა თამაში ცუდად დაიწყეს და 12 წუთის შემდეგ 0:10 ჩამორჩნენ, მაგრამ მერე მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და ტაიმი მხოლოდ 10:13 დათმეს. შესვენების შემდეგ “ტარბმა” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, 71-ე წუთზე ლელო გაიტანა და ოთხ წუთში გაშვებულმა ჯარიმამ მას 4 ქულა ვერ წაართვა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “კარკასონი” 18:12 დაამარცხა. ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო, დათუნაშვილმა ტრადიციულად სრულად ითამაშა და მისი გუნდი 46 ქულით მე-8 ადგილზეა.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” სტუმრად “კოლომიეს” დაუზავდა - 6:6. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ თეთრაშვილმა ითამაშა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. “ალბი” 32 ქულით მე-13 ადგილზეა.

თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” სტუმრად “დაქსთან” 20:23 დამარცხდა. ამ მატჩშიც მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - კავთიძე მოედანზე მე-60-ე წუთიდან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები იგებდნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და მხოლოდ 1 ქულას გამორჩნენ. “ბურგ-ან-ბრესი” 31 ქულით მე-14 ადგილზეა.

27 ქულით მეთხუთმეტეა თორნიკე ლომიძის “ოში”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე “მონ-დე-მარსანთან” 0:19 დამარცხდა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 22-23 თებერვალს გაიმართება.

0.117834