ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი სექტემბრის ბაშოს ძლიერ მოტივირებული შეხვდა, რამაც შეჯიბრის 8 დღის თავზე ასახვა სატურნირო ცხრილშიც ჰპოვა – ”შავ ზღვას” 6 მოგება და 2 მარცხი გააჩნია და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მხოლოდ ოთხ მეტოქეს ჩამორჩება.
29 წლის კოკაიმ, რომელიც ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მე-6 გამარჯვება ამინიშიკისთან (მე-4 მაეგაშირა) იზეიმა. ქართველმა სუმოისტმა იაპონელი დოჰიოს კიდესთან ”მიიმწყვდია” და მეტოქე ჰიკიოტოშით დაამარცხა.
ცაგურია მომდევნო შერკინებაშიც მასზე მაღალი ტიტულის მქონე მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. 27 წლის მონღოლი ჰაკუბა თავის დროზე, კოკაის დარად, კომუსუბი ყოფილა, ახლა კი, დასავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდებას ატარებს. მიმდინარე წლის მარტში ცაგურიამ უნურჯარგალ არიუნბაიარს (ჰაკუბას ნამდვილი სახელი) ცუკიოტოშით სძლია, მაისში კი იორიკირით წააგო.
5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელიც კომუსუბის ტიტულიდან დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითდა და ახლა, დაკარგულის დაბრუნებას ლამობს. 22 წლის ქართველმა გოლიათმა მორიგი წარმატება პირველ მაეგაშირა ვაკანოსატოსთან იზეიმა.
ტოჩინოშინისა და 34 წლის ექს-სეკივაკეს პირველი შერკინებისას მსაჯებმა გამარჯვებულის ვინაობა ვერ დაადგინეს, ამიტომაც განმეორებითი ბრძოლა (ტორინაოსი) დაინიშნა, სადაც ლევანმა ვეტერანი იაპონელი იორიკირით დამარცხა. ცნობისთვის, ვაკანოსატომ ტოკიოში ზედიზედ მე-8 (!) შეხვედრა დათმო და პირველი რიკიში გახდა, ვინც აკი ბაშოზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაიფორმა.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი გააჩნია. ბოლო ერთი წელია გორგაძე, 26 წლის ფუკუოკელს ყველა ბაშოზე ხვდება, თუმცა, მაინცდამაინც წარმატებული ასპარეზობით ვერ დაიკვეხნის. ქართველს იაპონელი ნოემბერსა და ივლისში უვატენაგეთი ჰყავს დამარცხებული, დანარჩენი ოთხი შერკინება კი იორიკირით აქვს წაგებული.
კარგი სტარტის შემდეგ, ”ჩავარდნა” დაეწყო მაკუუჩის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს მეტსახელით ცნობილ ქართველს საწყისი 5 დღის თავზე ზურგს 4 მოგება უმაგრებდა, შემდეგ კი მიჯრით სამი შერკინება დათმო და თანაბარი ბალანსი გაუხდა, არადა, ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, მხოლოდდამხოლოდ დადებითი შედეგი (კაჩი-კოში) ესაჭიროება.
აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ ამჯერად მე-13 მაეგაშირა ტაკეკაძესთან წაიფორხილა. ”პატარა ტანკად” წოდებულმა იაპონელმა, რომელიც ”მხოლოდ” 150 კგ-ს იწონის, თეიმურაზი ცუკიოტოშით დაამარცხა. გაგამარუ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას მე-13 მაეგაშირა კასუგაოსთან (3 მოგება, 5 მარცხი) ეცდება, რომელსაც მაკუუჩიში პირველად გაეჯიბრება.
განვლილი დღეების შემდეგ, სექტემბრის ტურნირის ორი დაუმარცხებელი სუმოისტიღა შემორჩა. იოკოძუნა ჰაკუჰომა (მონღოლეთი) და ოძეკი კოტოოშუმ (ბულგარეთი) მე-8 მოგებები, შესაბამისად, მე-3 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთანა (მონღოლეთი) და სეკივაკე არანთან (რუსეთი) მოიპოვეს. ლიდერთა კვალში მდგარ ესტონელ ოძეკი ბარუტოსა და იაპონელ მე-11 მაეგაშირა იოშიკაძეს თითო ბრძოლა აქვთ წაგებული. ამ უკანასკნელმა პირველი წარუმატებლობა მე-9 მაეგაშირა კიმურაიამასთან განიცადა.







