სხვა

13:58 | 24.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

კოკაიმ წოდებაში დაწინაურება გაინაღდა

ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, რომელიც კოკაის შიკონათია ცნობილი, 2010 წლის ივლისის ბაშოზე დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაინაღდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ სექტემბერის ტურნირისთვის დასავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულს უფრო მაღალ წოდებაზე გაცვლის.
29 წლის “შავმა ზღვამ” პატარა ტანკად წოდებული ტაკეკაძე გამოიჭირა და მე-11 მაეგაშირა იაპონელი ჰატაკიკომოით დაამარცხა. კოკაიმ 8 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა, დასკვნით მე-15 შერკინებას კი მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან გამართავს. შარშანდელი ივლისის შემდეგ, ცაგურიას იაპონელი ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული და იმედია, წარმატებული სვლის გაგრძელებას მოახერხებს.
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ბაშოზე 9 წაგების ფონზე მე-5 გამარჯვება იზეიმა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა (22 წლის) სეკიტორმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილი ქართველი გოლიათი ივლისის ტურნირს კომუსუბის წოდებით შეხვდა, თუმცა, გასული ასპარეზობიდან გამომდინარე დაქვეითება არ ასცდება.
ტოჩინოშინიმ კოკაის მომავალი მეტოქე მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე ცურიდაშითYდაამარცხა, ნაგოიას ტურნირს კი მე-4 მაეგაშირა კიტატაიკისთან შერკინებით “დახურავს”. მიმდინარე წლის მარტში გორგაძემ ტოკიოელთან იორიკირით წააგო, მაისში კი რევანში ცურიდაშის საშუალებით აიღო.
იაპონელთა საყვარელ სუმოისტ ტაკამისაკარისთან წაიფორხილა მაკუუჩის ქართველმა დებიუტანტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა სეკიტორმა “რობოკოპად” წოდებულ მასპინძელთან ჰიკიოტოშით წააგო და 14 ბრძოლაში მე-9 მარცხი განიცადა.
აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე გაგამარუ ბოლო შეხვედრას მე-15 მაეგაშირა ბუშუიამასთან გამართავს. წლეულს მეტოქეებს თითო მოგება-წაგება აქვთ გაცვლილი.
ამასობაში, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “იმპერატორის თასის” მფლობელი ამჯერადაც მონღოლი იოკოძუნა “ჰაკუჰო” იქნება. “თეთრმა ფენიქსმა” ნაგოიაში ზედიზედ – მე-14, ჯამში კი მიჯრით 46-ე გამარჯვება ოძეკი ჰარუმაფუჯისთან მიითვალა და პირველობა ვადაზე ადრე გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094509