ოსაკას ტურნირზე მოასპარეზე ქართული სამეული შესაშური ერთსულოვნებით ირჯება. ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ ჰარუ ბაშოს სასტარტო დღეს გამარჯვებები მიითვალეს, რასაც მარცხიანი ტური მიაყოლეს, მესამე დღეს კი სამივემ ისევ წარმატებას მიაღწია.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ მე-4 მაეგაშირა ტამავაშის წინააღმდეგ საფირმო ილეთი ჰიდარი-უვატე (მეტოქის მავაშის მოხელთება მარჯვენა ხელიდან) გამოიყენა და “მონღოლი არწივი” დოჰიოს მიღმა იორიტაოშით გაიყვანა.
22 წლის ქართველი სუმოისტის მორიგი მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაკიძოე იქნება, რომელსაც გასულ წლიდან მოყოლებული ხუთ ბაშოზე გადაეყარა და ორი მარცხის წილ სამი გამარჯვება მიითვალა. მიმდინარე წლის იანვარში გორგაძემ იაპონელს იორიკირით აჯობა.
ექს-კომუსუბი ლევან ცაგურია იგივე კოკაი ოსაკაში აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და თუკი ძურიოს დივიზიონში დაქვეითება არ სურს, აუცილებლად კაჩიკოში (დადებითი ბალანსი) უნდა გაიფორმოს.
“შავმა ზღვამ” იაპონელთა საყვარელი სეკიტორ – “რობოკოპად” წოდებულ ტაკამისაკარის სასტარტო შეტევისთანავე მძლავრი დარტყმა მიაყენა და უნებლიედ ცხვირი გაუტეხა, რამაც ამ უკანასკნელის ოშიტაოშით მარცხი გამოიწვია.
ქართული სუმოს პიონერი წარმატებული სვლის გაგრძელებას აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმისთან ეცდება. ფუკუოკელ სუმოისტს მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი აქვს და ეჭვგარეშეა, რომ 29 წლის ცაგურიას წინააღმდეგ მაქსიმალური თავდადებით გაირჯება.
შედეგიანი დღე ჰქონდა ძურიოს მე-3 ნომრად განთესილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელის შიკონაც იგივე საბრძოლო სახელი გაგამარუ გახლავთ. 189-კილოგრამიანმა ქართველმა გოლიათმა მე-4 რეიტინგის მქონე ასოფუჯი აიტაცა და ოშიდაშით მაყურებლებში გადაუძახა. ცნობისთვის, ასოფუჯი კომუსუბი ამინიშიკის უფროსი ძმა გახლავთ, თუმცა მისდარად წარმატებულად ვერ ირჯება და მარტის ბაშოზე სამივე ბრძოლა წაგებული აქვს.
მოგების გემო ასევე არ შეუგრძვნია ძურიოს პირველ ნომრად მიჩნეულ იაპონელ ვაკაკოიუს, რომელსაც გაგამარუ მე-4 დღეს დაუპირისპირდება. გასული წლის ნოემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ქართველი სეკიტორი ვაკაკოიუს ორჯერ გადაეყარა და ორჯერვე ჰიკიოტოშით დამარცხდა, ამდენად, ახლა რევანშის აღებას ეცდება.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში წაუგებელი შვიდი სუმოისტიღა დარჩა, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები ჰარუმაფუჯი და სეკივაკეები ტოიონოშიმა და ბარუტო იმყოფებიან.
ოსაკას ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 მარტამდე გასტანს.







