აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-4 დღე ქართველი სუმოისტებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. გამარჯვების მოპოვება ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) შეძლო, ლევან ცაგურიამა (კოკაი) და ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კი დოჰიო დამარცხებულებმა დატოვეს.
მაკუუჩის ყველაზე მძიმე სეკიტორად (202 კგ.) ცნობილმა გაგამარუმ ნაგოიას ტურნირი ორი მარცხით დაიწყო, თუმცა, მდგომარეობის გამოსწორება მალევე მოახერხა. დღეს, 23 წლის ქართველმა იაპონელი ჰოკუტორიკი (მე-15 მაეგაშირა) პირველივე მიძალებისას უკუაგდო, შემდეგ 31 წლის ექს-სეკივაკეს ორივე ხელით კორპუსში შეუვარდა და იორიკირი განახორციელა.
აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ჯუღელს თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) მოუგროვდა, მისი მომდევნო მეტოქე კი მისდარი მაჩვენებლების მქონე მე-13 მაეგაშირა კიმურაიამა იქნება. წლეულს იანვარში გაგამარუმ იაპონელს ცუკიდაშით აჯობა, მარტში კი ოკურიდაშით დამარცხდა.
ივლისის ტურნირზე პირველად წაიფორხილა კოკაის შიკონათი ცნობილმა ლევან ცაგურიამ. 29 წლის ქართველი, რომელიც ნაგოიაში დასავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, იაპონელ კიმურაიამას (მე-13 მაეგაშირა) პირველი კი ეკვეთა, თუმცა, წონასწორობა დაკარგა და ჰიკიოტოშით წააგო.
“შავ ზღვას” 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხვალ კი ძალებს მე-16 მაეგაშირა შოტენროსთან მოსინჯავს. მონღოლმა სეკიტორმა ქართველს შარშან ივლისში ცუკიოტოშით აჯობა, ნოემბერში კოკაიმ რევანში ჰატაკიკომის წყალობით აიღო, წლეულს იანვარში კი ჩვენებური ჰიკიოტოშით დამარცხდა.
კვლავაც ერთადერთი გამარჯვების ამარა გახლავთ კომუსუბის ტიტულამდე აღზევებული ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი. 22 წლის ქართველმა გოლიათმა 35 წლის მონღოლ კიოკუტენჰოსთან იორიკირით წააგო და მე-3 მარცხი მოუგროვდა.
ტოჩინოშინის მომდევნო შერკინებაშიც ძალიან გაუჭირდება, რადგანაც მისი მეტოქე ოძეკი კაიო (3 მოგება, 1 მარცხი) იქნება. მაისის ბაშოზე გორგაძემ 37 წლის იაპონელს იორიკირით კი აჯობა, თუმცა, მანამდე ზედიზედ სამჯერ დოჰიოს დამარცხებული ტოვებდა.
ნაგოიას ბაშოს ოთხი დღის თავზე ოთხი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს – იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ, მე-6 მაეგაშირა კაკურიუ და მე-13 მაეგაშირა ჰომაშო. ტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 25 ივლისს დასრულდება.







