სხვა

15:47 | 19.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

კოკაი მაკუუჩის ემშვიდობება

ქართული სუმოს პიონერმა, ლევან ცაგურიამ იგივე კოკაიმ ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ბაშოზე, მე-8 მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსზე ანუ მაკე-კოშიზე გავიდა, რაც ფრიად სამწუხარო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა – უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ქართველი სეკიტორი მომავალ ტურნირს რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში შეხვდება.
29 წლის კოკაი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსითა და მარჯვენა იდაყვის ტრავმით შეხვდა და კარგად უწყოდა, რომ დადებითი ბალანსის ვერდაფიქსირების შემთხვევაში, დაქვეითება ელოდა, თუმცა, თავის გადარჩენა ვერ მოახერხა.
”შავი ზღვის” შიკონათი ცნობილ ქართველს, გადამწყვეტი წარუმატებლობა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა კორიუსთან შეემთხვა, არადა, მასთან გამარჯვება ლევანისთვის კარიერაში მეოთხასე იქნებოდა. ”ბრწყინვალე დრაკონის” მეტსახელით ცნობილმა 26 წლის მონღოლმა, კოკაი დოჰიოდან ოშიდაშით ”გააძევა”.
ცაგურია, რომლის ბალანსიც 3 მოგება და 8 მარცხია, მომდევნო ბრძოლას აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან ჩაატარებს. ქართველს 36 წლის მონღოლი გასულ წელს ორჯერ იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
კოკაის დარად კიდევ ერთხელ წააგეს ტოკიოს ბაშოზე მოასპარეზე სხვა ქართველებმაც, რაც პირველად ნამდვილად არ მომხდარა. უფრო სამწუხარო თეიმურაზ ჯუღელის იგივე გაგამარუს მარცხი გახლდათ, რომელიც აქამდე, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) გარკვეულ შანსს ინარჩუნებდა, ახლა კი, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება.
მაკუუჩის ყველაზე მძიმე (198 კგ.) სეკიტორმა 11 შერკინებაში, მე-7 მარცხი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ჰომაშოსთან განიცადა. 23 წლის ქართველმა 29 წლის იაპონელი ჩვეული ცუპარებით ვერ უკუაგდო და ჰიკიოტოშით წააგო. ახლა, წოდებაში დაწინაურებისთვის, თეიმურაზს დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება მართებს, თუ არადა, დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულს უფრო დაბალ რანგზე გაცვლის. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე მე-11 მაეგაშირა შიმოტორია, რომელსაც შარშან, ივლისში, გაგამარუმ იორიკირით აჯობა, ნოემბერში კი, უვატენაგეთი წააგო.
სამწუხაროდ, უკვე აღარ გვიკვირს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის წარუმატებლობები. მაკუუჩის ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) სუმოისტს ტოკიოში ერთადერთი შერკინება აქვს მოგებული, მე-10 მარცხი კი, მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავასთან განიცადა. 27 წლის მონღოლმა ქართველის ხელში ატაცება რამდენჯერმა მოახერხა და საბოლოოდ, დოჰიოდან იორიტაოშით გაიყვანა.
ტოჩინოშინი წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და უეჭველია, კომუსუბის წოდების დაბრუნებაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა, საგრძნობი დაქვეითება ელის. გორგაძე შემდეგ ბრძოლას აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტოიონოშიმასთან ჩაატარებს. გასულ წელს ქართველი იაპონელს ორჯერ გადაეყარა და ორჯერვე იორიკირით წააგო.
ამასობაში, იანვრის ბაშოს უმთავრესი სენსაცია ”გამოაცხო” იაპონელთა უმთავრეს იმედად აღიარებულმა კისენოსატომ, რომელიც ნელ-ნელა იოკოძუნა ჰაკუჰოს რისხვად ყალიბდება. 24 წლის სეკივაკემ მონღოლ გოლიათს შარშან, ნოემბრის ბაშოზე სძლია და ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდის დამხობის საშუალება არ მისცა, ამჯერად კი, ”თეთრ ფენიქსს” ტოკიოშიც აჯობა.
დავააჯარგალ მუნხბატი, რომელიც ”იმპერატორის თასის” 17-გზის მფლობელია, სასტარტო შეჯახებისას ძალიან მაღლა წამოდგა, რითაც კისენოსატომ კარგად ისარგებლა და მძლავრი შეტევით ჰაკუჰო დოჰიოს მიღმა გაიყვანა. ახლა, იაპონელის მონაგარი 7 მოგებაა და მას კაჩი-კოშისთვის ერთი გამარჯვებაღა სჭირდება, იოკოძუნას კი, 10 მოგება შერჩა, თუმცა, ლიდერობა შეინარჩუნა.
ჰაკუჰოს უახლოესი მდევრები ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ და იაპონელი რიგითი მაეგაშირები, ოკინოუმი და ტოჩინონადა არიან, რომელთა აქტივშიც 9-9 მოგებაა. დასასრულ შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 23 იანვარს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093286