აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ქართველ სეკიტორთაგან გამარჯვების გზას მხოლოდ ლევან ცაგურია იგივე კოკაი ადგას, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი ჯერაც პირველი მოგების მოლოდინში არიან.
კოკაი 2006 წელს კომუსუბის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ნაგოიას ტურნირს გაგამარუს დარად მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ახლა, მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.
ცაგურიამ პირველ შეხვედრაში სწორედ ჯუღელს აჯობა, დღეს კი ტამავაში (მე-14 მაეგაშირა) მისთვის სასურველ მარცხენამხრიან დგომა ჰიდარი-იოცუში გადაიყვანა, მიგი-უვატე (მეტოქის მავაშის დაჭერა მარცხენა ხელიდან) განახორციელა და “მონღოლი არწივი” დოჰიოზე გააგორა.
ცხადია, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, 29 წლის “შავი ზღვა” კიდევ ცხრა სუმოისტთან ერთად ბაშოს ლიდერებში იმყოფება. კოკაის მორიგი მოწინააღმდეგე მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება, რომელსაც თითო მოგება-წაგება აქვს. გასულ წელს ცაგურიამ იაპონელ მეტოქეს ოთხიდან მხოლოდ ერთი შერკინებაში აჯობა, წლეულს მაისში კი იორიტაოშით დამარცხდა.
კოკაის მოტივაციას ის ფაქტიც უნდა მატებდეს, რომ ტოსაიუტაკამ ნაგოიაში პირველი გამარჯვება თეიმურაზ ჯუღელთა ბრძოლაში მიითვალა. 202-კილოგრამიანმა ქართველმა (იგი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორია) შეტევა პირველმა წამოიწყო, თუმცა, მეტოქის გვერდიდან შესვლა “გაეპარა” და ცუკიოტოშით დამარცხდა.
23 წლის გაგამარის ორი წაგება მოუგროვდა, მდგომარეობის გამოსწორებას კი ხვალ დილით ეცდება, როდესაც მე-10 მაეგაშირა მოკონამის დაეჭიდება. ჯუღელი მონღოლ სუმოუსტს, რომელსაც ორი მოგება გააჩნია, პირველად შეერკინება.
ჯერაც პირველი წარმატების მოლოდინშია კომუსუნის ტიტულამდე აღზევებული ტოჩინოშინი. 22 წლის ქართველმა ოძეკი ჰარუმაფუჯისთან ისე წააგო, გამარჯვების შანსი არ ჰქონია. მონღოლმა გოლიათმა ქართველის მავაში პირველივე მიძალებაზე მოიხელთა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა.
გორგაძეს იოლი გასეირნება არც ხვალ ელის, რადგანაც ჯერაც დაუმარცხებელ სეკივაკე კისენოსატოს დაუპირისპირდება. შარშან სექტემბერში ტოჩინოშინიმ იაპონელს იორიტაოშით აჯობა, გასულ მაისის ბაშოზე კი მეტოქემ რევანში ოშიდაშის წყალობით აიღო.
დასასრულ დავძენთ, რომ ლიდერთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰოს გარდა, მხოლოდ ორი ოძეკი – კოტოოშუ და კაიოა, ბაშოს ერთ-ერთმა ფავორიტმა ოძეკი ბარუტომ კი მოულოდნელად აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა არანთან წაიფორხილა. ოსმა ალან გაბარაევმა ესტონელ ჰაიდო კოოველსონს ოკურიდაშით აჯობა.
ნაგოიას ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 25 ივლისამდე გასტანს.







