ფეხბურთი

12:13 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის 349-ე, არველაძემ მოგების გემო გაიხსენა

 გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ლევან კობიაშვილი ყოფილ გუნდთან დამარცხდა. ბერლინის “ჰერტა” გელზენკირხნში “შალკეს” ესტუმრა და 0:2 წააგო. კობიაშვილმა გელზენკირხენელებთან მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუცველელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში ბუნდესლიგაში ჩატარებული 349-ე მატჩი იყო. “ჰერტას” 36 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-9 ადგილზეა.

ხორვატიის ნაგომეტნი ლიგის (უმაღლესი ლიგა) 28-ე ტურში, სპლიტის “ჰაიდუკმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ილურიძე იცავს, შინ “ზადარს” 3:1 მოუგო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. მან ორი გოლის გამტანი მაგლიცა შეცვალა. “ჰაიდუკს” 55 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა. სპლიტელები გათამაშების ლიდერ ზაგრების “დინამოს” 10 ქულით ჩამორჩებიან.

თურქეთის სუპერლიგაში როგორც იქნა თამაში მოიგო შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ”. 27-ე ტურში, “ქასიმფაშამ” თავის კედლებში “ქაისერი ერჩიესფორი” 3:0 დაამარცხა. ბოლოს, არველაძის გაწვრთნილებს თამაში ამა წლის 23 თებერვალს მოეგოთ. მათ 22-ე ტურში სტამბულში “სივასფორს” 6:2 აჯობეს. “ქასიმფაშა” 39 ქულით 18 გუნდში მეოთხეა.   

ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო. ტალინელებმა თანაქალაქელ “ინფონეტს” უმასპინძლეს და უქულოდ დარჩნენ (2:3). ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.  

0.123447