საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბერლინის “ჰერტას” ყოფილ მცველ ლევან კობიაშვილს, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია მიუძღვნა სათაურით: “კობიაშვილი ახალი ამოცანებით დაბრუნდა”.
“ის დაბრუნდა! “ჰერტას” ოფისის ზოგიერთი თანამშრომელი განცვიფრებული იყო, როდესაც კობიაშვილმა კარი შეაღო, პირადად ხელი ჩამოართვა და სხდომათა დიდ დარბაზში სკამზე დაჯდა.
“დღესდღეობით, ჩემთვის ბევრ ახალ რამეს ვეცნობი. ფაქტობრივად, ყველაფერი ახალია. ბოლო დღეების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. პირველ დღეებში, ახალგაზრდულ აკადემიაში საწვრთნელი პროცესის ორგანიზებას ვაკვირდები, ასევე, პირველ გუნდთან შეხების წერტილიც მაქვს. საფეხბურთო კარიერის ემოციურად დასრულების მერე, საქართველოში დიდი დრო გავატარე, რაც ნამდვილად კარგი იყო”, – თქვა კობიაშვილმა.
პროფესიონალური კარიერის დამთავრების მერე, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, კობიაშვილმა საკმაო ხანი დაისვენა. თავის შვილებს გაცილებით მეტ დროს უთმობდა და კვირაში ორჯერ-სამჯერ, საფეხბურთო მოედანზე გასვლასაც ახერხებდა. თუმცა, იმის მაგივრად, რომ კონკურენცია რობერტ ლევანდოვსკისთვის, ან მარკო როისითვის გაეწია, მეტოქედ თავისი ბიჭი ჰყავდა.
“მოთამაშის კარიერის დასრულების მერე, ფეხბურთში რაღაცის გაკეთება ყოველთვის მსურდა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ “ჰერტა” ამის შესაძლებლობას მაძლევს”, – აღნიშნა კობიაშვილმა.
ახალ თანამდებობაზე ოფისში ადგილი აკადემიის სხვა თანამშრომლების: ჰანს-პეტერ იაკობის, პალ დარდაის, ფრენკ ფოგელისა და ცეკე ნეუენდორფის გვერდით დაიკავა.
“საუცხოო ატმოსფეროა. საქმე ისეთ ხალხთან მაქვს, რომლებისგანაც ბევრი რამის სწავლა შემიძლია. მართლაც, მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობთ. როგორც ფეხბურთელმა არ იცი, თუ რა ხდება კულისებს მიღმა. ვფიქრობ, ეს მართლაც საინტერესოა”,- იღიმის კობიაშვილი.
მართალია, ეს მას ბევრ დროს ართმევს, მაგრამ ახალი ამოცანები უყვარს. გარდა ამისა, ცდილობს ფორმა შეინარჩუნოს, ვარჯიშობს და კვირაში ორჯერ “ჰერტას” ვეტერანებთან ერთად თამაშობს.
“ალბათ, მწვრთნელის B ლიცენზიას ავიღებ. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რას გავაკეთებ, ვერ გეტყვით. ახლა, მთლიანად “ჰერტაში” მუშაობით ვარ დაკავებული. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჩემი გოგონა მსაყვედურობს, რადგან სახლში ხშირად არ ვარ. თუმცა, ჩემი სამუშაო ძალიან მომწონს”, – განაცხადა კობიაშვილმა”.