ფეხბურთი

0:44 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი ბუნდესლიგას ფრაიბურგში დაუბრუნდა

ლევან კობიაშვილმა თითქმის წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ბუნდესლიგაში. 36 წლის ქართველმა ამ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ჰერტაში" და თანაც, ნაცნობ გარემოში – ფრაიბურგის სტადიონზე. რა შეხსენება გინდათ, ლევანი წლების განმავლობაში თამაშობდა "ფრაიბურგში" და დღესაც ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

"ფრაიბურგი"-"ჰერტა" 1:1 დასრულდა, "კობი" კი მე-20 წუთზე ტრავმირებული ბრუკსის ნაცვლად შევიდა. "ჰერტა" ცხრილის შუაში, მეათე ადგილზეა. ზოგადად, ეს ქართველის 337-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა უცხოელთა შორის. საუბარია ყველა დროის ლეგიონერთა შორის ბუნდესმატჩების რაოდენობაზე. "ბაიერნის" პერუელ კლაუდიო პიზაროს კი 355 აქვს. 

დანიაში "ორჰუსმა" შინ 1:3 წააგო "ბრონდბიუსთან" და მეხუთე ადგილზეა. ქართველთაგან მხოლოდ მათე ვაწაძემ ითამაშა, ისიც ბოლო 25 წუთი. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყვნენ. 

ვარშავის "ლეგიამ" შინ 2:1 სძლია "გურნიკს" და 3-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ლადო დვალიშვილს არ უთამაშია, რადგან მციორე ტრავმა აწუხებს და ამის გამო ევროპის ლიგის შეხვედრაც გაუცდა.

რუსეთში ჯანო ანანიძის "როსტოვმა" ვერაფერი გაახერხა "ზენიტთან" და შინ 0:4 წააგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. "როსტოვი" მშვენიერი სტარტის შემდეგ ცხრილში ქვემოთ ეშვება: მეექვსეზეა.

ყაზანის "რუბინმა" შინ მოულოდნელად 1:2 წააგო "ტომთან" და მეცხრე საფეხურზეა. მასპინძელთა სათადარიგოებში საბა კვირკველია გახლდათ, თუმცა არ უთამაშია.

რუსეთის პირველ დივიზიონში 'ალანიამ" შინ 2:1 დაამარცხა "ენისეი". ოთარ მარცვალაძემ 66-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გოჩა ხოჯავა სათადარიგოებში გახლდათ. "ალანია" მეორე ადგილზეა.

ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად 2:3 წააგო "ხიმიკთან" და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. ნალჩიკელთაგან დავით სირაძემ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია მინდორზე არ შეუყვანიათ.

უკრაინაში "დნიპრომ" გასვლაზე 3:2 აჯობა ზაპოროჟიეს "მეტალურგს", მეორე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "მეტალისტს". ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებული გახლდათ, ხოლო სანდრო კობახიძე სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" ოდესაში "ჩერნომორეცთან" 1:3 წააგო. ლიპარტია სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. "ზორია" მეათე ადგილზეა.

0.118574