ფეხბურთი

17:20 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე ზამთარში “დნიპროდან” წასვლას არ გეგმავს

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ინტერნეტპორტალ football.ua-სთან საუბარში განაცხადა, რომ ზამთარში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” დატოვებას არ აპირებს.

- ზაფხულში, ბოლო მომენტამდე არ იცოდით დნეპროპეტროვსკში დარჩებოდით თუ არა, რადგან თქვენთვის განკუთვნილი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყავით. მიმდინარე სეზონში უკვე უკრაინის ჩემპიონატის 17 ტურმა ჩაიარა და მხოლოდ 48 წუთი ითამაშეთ, ასევე, ერთი ტაიმი ჩაატარეთ უკრაინის თასზე და ევროპის ლიგის ორ შეხვედრაში მოედანზე სრული დრო დაჰყავით. დღის წესრიგში ხომ არ დგას საკითხი, რომ ზამთარში “დნიპროს” დატოვებთ?

- ჯერ მსგავსი საკითხი არ დგას. კლუბის ხელმზღვანელობას ამ თემაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს, ხოლო თავად შემიძლია განვაცხადო, რომ “დნიპროში” დარჩენის დიდი სურვილი მაქვს. სხვა გუნდში გადასვლას არ ვგეგმავ.

- სათამაშო დროის მხრივ პრობლემები გაქვთ. სავარაუდოდ, ეს არ უნდა გაწყობდეთ?

- მცირე სათამაშო დროით კმაყოფილი რომელი ფეხბურთელი იქნება? თუმცა, ეს ფეხბურთია. დღეს საქმე ასე მიდის, ხვალ შესაძლოა, სულ სხვაგვარად იყოს. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა – ზოგი მეტს თამაშობს, ზოგი ნაკლებს. ჩემი ერთადერთი მოვალეობაა, რომ შანსს როდესაც მაძლევენ, მოედანზე უნდა გავიდე და ყველაფერი თამაშით დავამტკიცო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ხშირად ვითამაშო.

- თავად ფიქრობთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას ვერ უძლებთ?

- თუ კონოპლიაკასთან კონკურენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ის უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. ეს ჩემი აზრია. აქვე ვიტყვი, რომ კონოპლიანკასთან საუცხოო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვიმეორებ: მას უკრაინაში საუკეთესოდ მივიჩნევ. სხვა საქმეა, რომ მარცხენა ფლანგის გარდა, თამაში მარჯვენა ფლანგზც შემიძლია. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ “დნიპროში” კონკურენციას ვერ ვუძლებ. უბრალოდ, დაველოდები მწვრთნელი შანსს როდის მომცემს და შევეცდები, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

- ზაფხულში “დნიპროსთან” ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმე. ამისთვის რა მოტივი გქონდათ? დნეპროპეტროვსშკი შორს მიმავალი გეგმები გაქვთ თუ ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ სტაბილურობა გქონოდათ, მაგრამ ამასთანავე, მზად ხართ იჯარით სათამაშოდ წახვიდეთ?

- “დნიპრო” ისეთი კლუბია, რომელთან კონტრაქტის გაფორმებას ჩემს ადგილზე ნებისმიერი ფეხბურთელი მოინდომებდა. სხვა საქმეა, რომ ცოტას ვთამაშობ, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, მოტივი ერთი იყო – “დნიპროში” თამაში მონდა და მორჩა.

- იქნებ უკვე აღარ გჯერათ, რომ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდებით?

- რა თქმა უნდა, არა. ხუანდე რამოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ეს მისი აზრია, რომელსაც პატივს ვცემ. ის როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ყოველთვის მწამს, რომ ვითარება ჩემთვის უკეთესობისკენ შეიცვლება.

0.11334