ს/კ ლანჩხუთის „გურიას“ პრესსამსახურს განცხადებით მიმართა კლუბის ყოფილმა დირექტორმა, ბატონმა კობა მირზაშვილმა, რომელიც გასული ეროვნული ჩემპიონატის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბს და რომლის დროსაც „გურიამ“ ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ჩემპიონატის ზედა ექვსეულში. ბატონი კობას განცხადებით, ის ტოვებს საფეხბურთო კლუბს, თუმცა როგორც ყოფილი ფეხბურთელი (1987 წელს თამაშობდა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში, „გურიას“ დუბლშემადგენლობაში), „გურიას“ საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთი წევრი - იყო, არის და ბოლომდე დარჩება „გურიას“ გულშემატკივარი.
„მადლობას ვუხდი „გურიას“ ყველა ფეხბურთელს, ძირითად გუნდს, დუბლშემადგენლობას, ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივი ჯგუფის წევრებს, მწვრთნელებს, ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს, სტადიონის თანამშრომლებს, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ურთულეს პირობებში გვერდით მედგნენ და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
მადლობა გულშემატკივარს, რომელსაც დამსახურებულად ეწოდა მე-12 მოთამაშე და ერთგულად ქომაგობდა თავის საყვარელ გუნდს. მადლობა გულშემატკივარს, იმ თბილი წერილისთვის, რომელიც გაზეთ „ლანჩხუთი პლუსში“ გამოქვეყნდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს დას მარინა თოთლაძეს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, როგორც მორალური, ისე ფინანსური კუთხით „გურიას“ წარმატებაში. არა აქვს მნიშვნელობა, ვიქნები თუ არა კლუბში, სიცოცხლის ბოლომდე ვრჩები „გურიას“ გულშემატკივარი. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს და ახალ ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ იგი მალე დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას და ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული ფეხბურთის ელიტაში“ - დასძინა ბატონმა კობამ.