ძიუდო

2:50 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობა მჭედლიშვილმა მაიამიდან მსოფლიოს გადმოხედა

ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ოთხდღიანი პირველობის მეორე დღეს მაიამის დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ვაჟთა ნაკრების წევრი კობა მჭედლიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩავიდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ექვსი მეტოქე ჩამოიშორა.

გაბონელ არნოლდ კოუსუ ოუველუსა და ეკვადორელ კევინ ლეკაროს წუთზე ცოტა მეტი დრო აკმარა. კოსტარიკელ ხულიან სანჩოს კი სამწუთნახევარში ყველა შეფასების ილეთი აუღო. მეოთხედფინალში ბელარუსი გრიგორი კლებჩაც სანჩოს დღეში ჩააგდო, ოღონდ ნახევარი წუთით ნაკლებში. ფინალის საგზური კი ყაზახი დიდარ ხამზას იუკოთი ძლევით მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მჭედლიშვილი იაპონელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა და პირველივე წუთის მიწურულს ბეჭებზე დასცა. მსაჯმაც უმალ იპონი დააფიქსირა, მაგრამ რამდენიმე წამში მსაჯთა მაგიდიდან გადაწყვეტილება შეაცვლევინეს - გდება ვაზარად შეაფასებინეს. ქართველი ძიუდოისტი მოგებული შეხვედრის გაგრძელებამ ცოტა არ იყოს, დათრგუნა. იაპონელი კი ნელ-ნელა გააქტიურდა და ილეთიც შეასრულა, რომელიც მსაჯმა ვაზარად შეაფასა, მაგრამ მაგიდამ ამჯერად ქართველთათვის გასახარი გადაწყვეტილება - იუკო მიიღო. დარჩენილ დროში მჭედლიშვილს დაღლილობაც დაეტყო, მაგრამ უპირატესობა მაინც შეინარჩუნა.

უმაღლესი ტიტულის მოპოვებასთან გოგონათა ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილიც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მიზნამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. 17 წლის მაჩხაანელმა გოგონა, რომელმაც ორიოდ თვის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ჭიდაობით ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი ოქროს ფურცელი ჩაიწერა, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ოქროს დუბლის შესრულებაში მარიამ ჯანაშვილს ხელი კანადელმა ჯესიკა კლიმკაიტმა მესამე წუთზე შესრულებული შებოჭვით შეუშალა. იქამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე შთამბეჭდავი გდებებით, იპონ-იპონ მოიგო. პირველ მეტოქეს - პორტუგალიელი ჟოანა ფერნანდეშს პირველივე შეტევით მოუმთავრა საქმე, გერმანელ კატია შტიბელინგთან 3 იუკოს აგებდა და მესამე-მეოთხე წუთებზე მეტოქე ორჯერ დააგდო ვაზარზე. ნახევარფინალში კი იაპონელ ჩიშიმა მადეას ვაზარის ჩამორჩენა ორი ულამაზესი გდებით შეუტრიალა. ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე იაპონიის გოგონათა ნაკრების არც ერთ წევრს მიმდინარე ჩემპიონატზე წაგება არ ჰქონდა.

ამრიგად, მარიამ ჯანაშვილმა 2013 წლის სეზონის სამ უმთავრეს შეჯიბრებაზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა: ევროპულ ოქრო და მსოფლიოს ვერცხლი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო.

გოგონათა ნაკრების უმსუბუქეს წევრს, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი მზია ბებოშვილს კი მსოფლიოზე ანალოგიურ შედეგამდე დააკლდა ერთი ნაბიჯი. “ბრინჯაოს ფინალში” ბულგარელ ბეტინა ტემელკოვას შეხვდა, რომელსაც წლევანდელ ევროპირველობაზე სწორედ მესამე ადგილისთვის შეხვედრა მოუგო. ამჯერად ბულგარელმა იმარჯვა, თანაბარ ბრძოლაში შესრულებული ერთადერთი იუკოთი.

ძირითად ბადეში ბებოშვილმა ტაივანელ ჰსინ ლეი ცაის იუკოთი აჯობა. მონღოლი ხორლოოდოი ბიშრელტი 69 წამში გააკრა ტატამს. მეოთხედფინალში კი გერმანელ პატრიცია სზეკელთან ორი იუკოთი დამარცხდა და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია.

ტურნირის მეორე დღეს ამერიკულ ტატამზე გიორგი კაციაშვილი (60 კგ), სიმონ მამარდაშვილი (66 კგ), სალომე მარგიანი (48 კგ) და გურანდა შოთაძეც (52 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე ვერ მივიდნენ და ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

კაციაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი მერვედფინალი და სომეხი ჰარუთინ დერმიშიანი აღმოჩნდა. იქამდე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქართველმა ჩემპიონმა სამხრეთაფრიკელი შელდინ სერ კაჩელჰოფერი და უნგრელი ბენჩე ბოროში იპონ-იპონ ჩამოიცილა.

მამარდაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უმალ წააგო ბულგარელ ივან სტეფანოვთან. მარგიანი ალჟირელ სადჯია ამრანეს ვერ გასცდა, ხოლო შოთაძე – ფრანგ ასტრიდ ნეტოს.

10 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო გოგონებში – 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), იესო კვირიკაშვილი (81 კგ) და ხატია ჯანაშვილი (63 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

0.116354