ფეხბურთი

13:05 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე სასჯელი ელის

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანციზაცია უეფასგან დისკვალიფიკაცია ელის.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის მსვლელობისას, რომელშიც “დორტმუნდი” იტალიურ “ნაპოლისთან” 1:2 დამარცხდა, 46 წლის გერმანელი სპეციალისტი არაადეკვატურად იქცეოდა. კერძოდ, იმ მომენტში, როდესაც მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, სათადარიგო მსაჯს მიეჭრა და უშვერი სიტყვებით გამოლანძღა.

კლოპი თვლიდა, რომ მსაჯები მის ფეხბურთელს, რომელიც მანამდე ტრავმირებული იყო და მოედანს მიღმა მკურნალობდა, დაბრუნების საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ. სწორედ ამ პერიოდში გავიდა გოლი. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა საკუთარი დანაშაული აღიარა და მსაჯებს მოუბოდიშა.

მიუხედავად ამისა, გერმანული პრესა ირწმუნება, რომ უეფა კლოპს სასჯელს უმზადებს და ჩემპიონთა ლიგის, მინიმუმ, ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს. ანუ, “მარსელთან” 1 ოქტომბერს გასამართ მატჩში, იურგენი საკუთარი გუნდის სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება და ვერც შესვენებისას ჩავა გასახდელში. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლისთან” თამაშის შემდეგ, კლოპი გერმანელმა ჟურნალისტებმაც გააკრიტიკეს - ისინი აცხადებდნენ, რომ მწვრთნელის საქციელი ქვეყანას არცხვენს და პრობლემებს უქმნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114493