დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, დონეცკში გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა.
დორტმუნდელები “შახტართან” ორჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ ორივეჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. 5 მარტს გერმანიის ჩემპიონი “შახტარს” საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს და კლოპი მიიჩნევს, რომ თუ ინდივიდუალური შეცდომები არ იქნება, მისი შეგირდები ძლიერ მეტოქეს გათამაშებიდან გამოთიშავენ.
“შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია. ჩემი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და გოლებს უშვებდა, რაც სავსებით არ იყო დაკავშირებული დაცვაში დაშვებულ შეცდომებთან. ორჯერ დავკარგეთ კონცენტრაცია და ორჯერ ამოვარდით რიტმიდან, მაგრამ ორივეჯერ შევძელით წონასწორობის აღდგენა. დღეს დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები აღარ უნდა გამეორდეს. როდესაც ორჯერ აღმოჩნდები მდევრის როლში, გამარჯვება ძალიან რთულია. დღევანდელი თამაში კარგი საყურებელი იყო და სწორი გზით ვვითარდებით.
ვფიქრობ, მართლაც ძლიერად ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ გოლებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაგვიტოვა. ახლა “შახტარს” მოუწევს გამოცდის დორტმუნდში ჩაბარება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ითამაშა ამ გუნდმა “ჩელსის” წინააღმდეგ, ასე, რომ გადაწყვეტილი ჯერაც არაფერია. პირველი მატჩის შედეგისა და ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშის მიხედვით შემიძლია ვივარაუდო, რომ განმეორებითი მატჩისთვის ყველაფერი კარგად იქნება” - თქვა კლოპმა.
ამის შემდეგ გერმანელმა მწვრთნელმა იმ ავიაკატასტროფაზე ისაუბრა, რომელიც დონეცკში გამართულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა:
“ტრაგედიის შესახებ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, უშუალოდ მოედანზე გასასვლელ გვირაბში გავიგეთ. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ამ საშინელ სიახლეს თამაშზე არ უნდა ემოქმედა. ჯერ კიდევ გუშინ დავეშვით ჩვენ ამავე აეროპორტში. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”.