დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საშინაო მატჩში “მარსელთან” მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქცენტი სწრაფ თამაშზე გააკეთა და ამ ტაქტიკურმა სვლამ გაამართლა.
“ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა. “მარსელი” ძალიან ძლიერი გუნდია და მის წინააღმდეგ ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავისი რეალური ძალა. ფეხბურთელებმა პირნათლად შეასრულეს ჩემი დავალება – სწრაფი ფეხბურთი ითამაშეს და საბოლოო შედეგიც ამან განაპირობა. ნაკლები რომ ემოძრავათ, დარწმუნებული ვარ, პრობლემები შეგვექმნებოდა. მხოლოდ პირველ ტაიმში ექვსი კილომეტრით მეტი ვირბინეთ, ვიდრე ჩვენმა მეტოქემ. თუ “ბორუსია” სულ ასე ითამაშებს, შემეძლება მოვეშვა, ყველა თამაშზე ტრიბუნაზე დავჯდე და ლამაზი სანახაობით ვისიამოვნო” – განაცხადა კლოპმა.