WBA-ის ვერსიით მსოფლიოს მძიმეწონოსანი ჩემპიონის, ბრიტანელი დევიდ ჰეის მიერ ახლახან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას, დანარჩენი სამი ვერსიის საჩემპიონო ქამრების მფლობელები, უკრაინელი ძმები, ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები სწრაფადვე გამოეხმაურნენ. დაპირისპირებულ მხარეთა კომენტარების გათვალისწინებით, თანამედროვე კრივის უძლიერესი მძიმეწონოსნების ერთმანეთის პირისპირ დადგომამდე დიდი დრო აღარ რჩება.
“ჰეისა და ჰარისონის ახლახან ჩატარებულ შეხვედრაზე ამბობენ, რომ ჩაწყობილი იყო. მართლაც, ის ბრძოლა აფიორას უფრო წააგავდა, ვიდრე სპორტულ სანახაობას. თუმცა ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვანი ჰეის მიერ კლიჩკოების გვარის ცუდად მოხსენიებაა. მისი ხმამაღალი განცხადებები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. მან უკვე ორჯერ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას, უსუსური მიზეზების გამო. პირველად ტრავმა მოიმიზეზა, რომლის სამედიცინო დასკვნა ვერ წარმოადგინა, ხოლო მეორედ დიდი ამბავი ატეხა, კლიჩკოებმა მონური კონტრაქტი შემომთავაზესო. გარწმუნებთ, სინამდვილეში, ორივეჯერ შიშის გამო დაიხია უკან. მინდა დევიდს მივმართო, აბსოლუტურად თანაბარ კონტრაქტს შევთავაზებთ. შემოსავალი ორმოცდაათი ორმოცდაათზე გაიყოფა. საინტერესოა, ამ შემთხვევაში რაღას მოიმიზეზებს” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
ვლადიმერმა კი, რომელიც IBF-ისა და WBA-ის ვერსიების მძიმე წონას უდგას თავში, ეჭვი გამოთქვა, რომ დევიდ ჰეი არანაირ შეთავაზებას არ მიიღებს. “სიამოვნებით ჩავუტარებ კრივის გაკვეთილს, სადაც და როდესაც მოინდომებს. ძალიან მინდა, კრივის მოყვარულებს დავანახო, ვინ ვინაა” – აღნიშნა ვლადიმერ კლიჩკომ.







