ჩოგბურთი

0:23 | 4.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კლეისტერსმა ფინალში ვინუსს აჯობა


კიმ კლეისტერსმა მაიამის ტურნირის ფინალში ვინუს უილიამსი დაამარცხა და წლის მეორე, ხოლო კარიერის 37-ე ტიტული მოიმკა.
27 წელს მიტანებულმა ბელგიელმა სამი წლით უფროს ამერიკელს ძალზე იოლად, 58 წუთში – 6:2 6:1 – სძლია.
ვინუსი ფინალში საკუთარ თავს არ ჰგავდა და მატჩის მსვლელობისას 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაშინ როცა კიმი უნებლიედ მხოლოდ 12-ჯერ შეცდა.
ეს მათი მე-12 დაპირისპირება იყო და კლეისტერსმა უფროს უილიამსთან წონასწორობა აღადგინა – 6:6.
შეგახსენებთ, რომ მათი გზები ბოლოჯერ აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის მერვედფინალში გადაიკვეთა და ორწლიანი პაუზის შემდეგ დიდ კორტს ერთი თვით ადრე დაბრუნებულმა ბელგიელმა მაშინ სენსაციური გამარჯვება მიითვალა, მერე კი ნახევარფინალში ვინუსის უმცროს დაიკოს, სერენასაც, აჯობა და ტურნირიც მოიგო...
მაიამიში გამარჯვებით კიმმა ჰარდზე მის მიერ მოპოვებულ ტიტულთა რაოდენობა 28-მდე აიყვანა და ღია პირველობათა ეპოქაში ამ საფარზე ყველაზე წარმატებულ ქალ მეჩოგნეთა ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მდგომ ლეგენდარულ მონიკა სელეშს გაუთანაბრდა. მათზე წინ მხოლოდ შტეფი გრაფი (37), ლინდსი დევენპორტი (34) და კრის ევერტი (32) დგანან.
საკუთრივ მაიამიში ამქრის ყოფილმა პირველოსანმა მეორედ იმარჯვა – პირველად ის იქ ტიტულს 2005-ში დაუეფლა; კორტზე დაბრუნების შემდეგ კი კიმმა უკვე მესამე ჯილდო მოინაგრა – ეგებ გახსოვდეთ, წლეულს იანვარში მან ბრისბენის მაგარსაფარზეც იჩემპიონა. მომდევნო კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგის მე-10 საფეხურზე დადგება.
რაც შეეხება ვინუსს, მან შანსი გაუშვა, წლეულს – დუბაისა და აკაპულკოში მოგების შემდეგ – ზედიზედ მესამე, საკუთრივ მაიამიში მეოთხე, ხოლო საერთოდ 44-ე ტიტული მოეხვეჭა.


 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166822