ავსტრალიის ღია პირველობა კიდევ ერთი ძლიერი ჩოგბურთელის გარეშე დარჩა - ტურნირს მესამე წრეში, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, აშშ-ის ღიას ბელგიელი ჩემპიონი კიმ კლაისტერსი გამოეთიშა. ბევრი ელოდა, რომ მეოთხედფინალში, ორი ბელგიელის - კლაისტერსისა და ჟუსტინ ანენის პაექრობას იხილავდა, მაგრამ ამ მოლოდინს ხელი რუსმა ნადეჟდა პეტროვამ შეუშალა, რომელმაც თავის ტიტულოვან მეტოქეს 52 წუთში დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:0, 6:1.
”მან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩემი წაგების მთავარი მიზეზი ჩემს მიერვე დაშვებული შეცდომები იყო. მე თვითონაც არ ველოდი, თუ ასეთი რამ ტურნირის ამ ეტაპზე მომივიდოდა. ეს ის შეხვედრაა, რომელსაც რაც ადრე დავივიწყებ, მით უკეთესი იქნება. ახლა ერთი სული მაქვს, შინ გავემგზავრო და კარგად დავისვენო”, - განაცხადა კლაისტერსმა, ვინც პირველ სეტში მხოლოდ 5, შეხვედრაში კი 17 ქულა აიღო.
ძლიერ მეტოქესთან ასეთი იოლი გამარჯვებით, ყველაზე მეტად გაკვირვებული პეტროვა დარჩა, ვინც განაცხადა, ხანგრძლივი და დამღლელი თამაშისთვის განვეწყე, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარაო.
ჟუსტინსაც რუსი მეტოქე ჰყავდა ალისა კლეიბანოვას სახით, მაგრამ თანამემამულისგან განსხვავებით, მან მეოთხე წრეში გასვლა შესძლო, რისთვისაც სამი სეტის (3:6, 6:4, 6:2) თამაში დასჭირდა და თავის კარიერაში მე-500 გამარჯვება იზეიმა. ჰენინს ამ მაჩვენებლის მიღწევა გაცილებით ადრეც შეეძლო, მაგრამ 2008 წელს, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა.
”დიდი პაუზის შემდეგ სპორტში დაბრუნება დიდი გამოწვევაა და მე მიყვარს, როცა გამოწვევები მაქვს. ასეთი ვარ. როგორც წესი, კარგი თამაშისთვის მოტივაცია მჭირდება, რის ნაკლებობასაც ახლა არ განვიცდი. ძალიან ვამაყობ, რომ მეოთხე წრეში გასვლა შევძელი”, - განაცხადა ანენმა.
საკმაოდ ძნელი ბრძოლა გადახდა თავს ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელსაც ოთხი სეტი და სამსაათნახევარი დასჭირდა ხორვატი გიგანტის, ივო კარლოვიჩის დასამარცხებლად (6:4, 6:2, 2:6, 7:5).
”მთავარია, რომ მოვიგე და ამით კმაყოფილი ვარ. სამაგიეროდ, უკეთესად თამაშს ვისურვებდი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ თამაში შეუძლებელია”, - განაცხადა ნადალმა.
მეოთხე წრეში გასასვლელად ასევე ოთხი სეტი დასჭირდა აშშ-ის ღია პირველობის არგენტინელ ჩემპიონ ხუან მარტინ დელ პოტროს, რომელმაც 6:3, 0:6, 6:4, 7:5 დაამარცხა გერმანელი ფლორიან მაიერი. თუმცა, ისიც უნდა თქვას, რომ დელ პოტროს აშკარად ეტყობოდა დაღლა, რომელიც მას ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან ხუთსეტიანი პაექრობის შემდეგ გამოჰყვა.
მერაბ ლორთქიფანიძე







