სხვა

16:03 | 22.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

კიუშიუზე გარდატეხა გვჭირდება
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლეულს ქართველი სუმოისტები ყველაზე წარუმატებელ ბაშოს ნოემბერში ატარებენ. ყოველ შემთხვევაში, ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ტურნირის განვლილი შედეგები ამგვარი შეფასების გამოტანის უფლებას ნამდვილად იძლევა. კიუშიუ ბაშოზე 9 დღე მიილია, დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გასვლას კი ვერცერთი ქართველი ვერ ახერხებს.
ქართული ტრიოდან უკეთესი შედეგი ყველაზე გამოუცდელ – 23 წლის თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს გააჩნია, რომელიც წლის დასკვნით სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება. ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სეკიტორმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მე-15 მაეგაშირა კორიუსთან იზეიმა. ქართველმა გოლიათმა 26 წლის მონღოლს ოშიდაშით აჯობა და 5 მარცხის ფონზე მე-4 მოგება მიითვალა.
მარტივის გამოსათვლელია, რომ ჯუღელს კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსი ბრძოლიდან ოთხის მოგება სჭირდება. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე მე-14 მაეგაშირა მიაბიამა იქნება. 33 წლისა და 188-კილოგრამიან იაპონელს თეიმურაზი კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ერთნაირი ბალანსი – 3 მოგება და 6 მარცხი გააჩნიათ უფრო გამოცდილ ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინისა და კოკაის. პირველმა, რომელსაც “ერისკაცობაში” ლევან გორგაძის სახელით ვიცნობთ, ბოლო ხუთი ბრძოლიდან მე-4 წააგო. ესტონელმა ოძეკი ბარუტომ, რომელიც “იმპერატორის თასის” მოპოვების კანდიდატია, 23 წლის ტოჩინოშინი იორიკირით დაამარცხა.
გორგაძეს მცირედით ამოსუნთქვის საშუალება მომდევნო ტურში ეძლევა, როდესაც ფავორიტებთან ჭიდილის შემდეგ, მე-2 მაეგაშირა ასასეკირიუს გაეჯიბრება. ქართველმა კომუსუბიმ 23 წლის მონღოლი შარშან ნოემბერში უვატენაგეთი დაამარცხა, თუმცა, წლეულს მარტსა და ივლისში იორიკირით წააგო.
ტოჩინოშინის დარად, უკანასკნელი 5 შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება მოეძევება ქართული სუმოს პიონერ – 29 წლის ლევან ცაგურიას, რომელიც კოკაის შიკონათი ასპარეზობს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირამ მე-8 მაეგაშირა შიმოტორისთან იორიკირით წააგო და 3 მოგების ფონზე მე-6 მარცხი მიითვალა.
კოკაი მდგომარეობის გამოსწორებას მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან ეცდება. შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული, კოკაის იაპონელთან ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა, თუმცა, ივლისსა და სექტემბერში მას შესაბამისად, ჰატაკიკომითა და სუკუინაგეთი სძლია.
მოსალოდნელია, რომ ნოემბრის ბაშოზე პირველობისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება. ტურნირის 9 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი არ არსებობს, იოკოძუნა ჰაკუჰოს, ოძეკებს ბარუტოსა და კაიოს და მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას კი ზურგს 8-8 მოგება უმაგრებთ. დაწინაურებულებს ერთი გამარჯვებით მე-9 მაეგაშირა კიოკუტენჰო და მე-16 მაეგაშირა შოტენრო ჩამორჩებიან.
შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 ნოემბერს დასრულდება.   
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091537