სტატიები

16:09 | 1.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

კიევში, რუსთაველის ქუჩაზე...

კიევში, რუსთაველის ქუჩაზე ვიდექი, როცა ნაცნობმა უკრაინელმა ჟურნალისტებმა ალყა შემომარტყეს და როგორც თბილისზე, ისე ქართულ ფეხბურთზე, სეტყვასავით დამაყარეს შეკითხვები! არ გაგეცინოთ, არ შემშლია, და სწორედ შოთა რუსთაველის ქუჩით გავედი კიევის `რუსთაველზე~ - ხრეშაკიტზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დღეებში მთლიანად შემოღობილია და ფან-ზონადაა ქცეული.
ჯერ კიდევ შერბიცკის დროიდან, კიევის ცენტრში დიდი ქართველი მგოსანის სახელობის ქუჩა არსებობს და სწორედ ოლიმპიური სტადიონიდან იწყება იგი. იუშენკოს დროს, რომელიც ასევე მეგობრობდა ჩვენთან, რუსთაველის ქუჩაზე ჩინებული პატარა სკვერი მოეწყო დიდი პოეტის ცნობილი, იერუსალიმის ტაძარში შემორჩენილი გამოსახულებითა და ქანდაკებებით, მისი `ვეფხისტყაოსნიდან~ ამოღებული უკვდავი ფრაზებით და ბევრჯერ მინახავს აქ ჩამომსხდარი უცხოელები ყურადღებით როგორ აკვირდებოდნენ სკულპტურებსა თუ გრანიტში ამოკვეთილ ტექსტს...
ჰოდა, მიშელ პლატინის პრესკონფერენციის შემდეგ, 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობით უზომოდ გახარებული ხრეშატიკზე გავედი-მეთქი. მერწმუნეთ, იმ დღეს უკრაინელები ფინალზე არანაკლებად თბილისის ხსენებით იყნენ დაკავებულნი და ლამის ყველას პირზე ეკერა – როგორ მოახერხეს ქართველებმა ამგვარი მატჩის მასპინძლობის უფლების მოპოვებაო? თუმცა, შური ნაკლებად, უფრო მეგობრული მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან და გუშინ რუსებისა არ იყოს, უკრაინელებიც ლამის აქედანვე ემზადებოდნენ თბილისში წამოსასვლელად და დროის გასატარებლად – მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში ისე უყვართ საქართველო, რომ ალბათ, პოლონეთს თუ შევადრი...
რაც შეეხება სუპერთასის ჩატარების იდეას, ზვიად სიჭინავამ 2 წლის წინათ დაიწყო ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა და სწორი დიპლომატიური სვლებითა და გადაწყვეტილებებით, მიზანსაც მიაღწია!!! კონკურენტები კი ბევრი გვყავდა! ახლა საჭიროა მთელი თბილისი ისე მოემზადოს ამ მატჩისათვის, როგორც არასდროს. მსგავსი ღონისძიებისთვის საქართველოს არასდროს უმასპინძლია და მერწმუნეთ, დრო კი არის საკმარისი, მაგრამ იმდენია გასაკეთებელი, რომ ახლავე უნდა დავიწყოთ ყველამ მუშაობა, ვფიქრობ, ყველა თბილისელმა უნდა დადოს თავის აგური...
2009 წელს ოფიციალურად მომიწია მონაკოში სუპერთასზე მუშაობამ `ბარსელონასა~ და დონეცკის `შახტარის~ მონაწილეობით და იქ გატარებული ღონისძიებებისა თუ მატჩის პერიპეტიები ახლაც თვალწინ მიდგას.
რაც შეეხება სუპერთასს, ისევე, როგორც ყველა გენიალური იდეა (ოლიმპიადის აღორძინება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა თასი...) ესეც  ჟურნალისტის ტვინში მომწიფდა: 1972 წელს, მფრინავი ჰოლანდიელების ეპოქის ზეობის დროს, 35 წლის ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა - ანტონ ვინტკამპმა, რედაქციაში `აიაქსის~ თამაშზე სტატიას რომ სწერდა და კრუიფსა და კომპანიას ქათინაურებით ავსებდა, თავში ხელი შემოირტყა და გაიფიქრა – რა იქნება კრუიფმა და `აიაქსმა~ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ყველაზე მაგრები არიან? იქნება თასების მფლობელთან სუპერთასის მატჩი ვითამაშოთ და ევროპის სუპერგუნდის თიკუნიც მოვიპოვოთ?
ვინტკამპი ძალიან ჯიგრიანი ბიჭი აღმოჩნდა – არ მოისვენა და ამ იდეით `აიაქსის~ პრეზიდენტი - იაპ ვან პრააგიც მოწამლა (ახლანდელი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხაელ ვან პრააგის მამა. მიხაელიც, მამამისივით, კარგა ხანს იყო `აიაქსის~ პრეზიდენტი და როცა მხვდებოდა, სულ შოთა არველაძესთან მაბარებდა მოკითხვას), ჰოდა, იფიქრეს, აწონ-დაწონეს, ადგნენ და ციურიხში უეფას მაშინდელ პრეზიდენტს - არტემიო ფრანკის მიადგნენ, რომელსაც სიცილადაც არ ეყო ეს გენიალური მოსაზრება და გაწბილებულმა დუეტმა თავად გადაწყვიტა სისრულეში მოეყვანა იდეა – მაშინდელ თასების თასის მფლობელს, გლაზგოს `რეინჯერსს~ დაუკავშირდნენ და სუპერთასზე თამაშებიც რამდენიმე კვირაში მოაკვარახჭინეს – იმავე (1972) წლის 16 ივნისს, გლაზგოში ითამაშეს პირველი მატჩი და `აიაქსმა~ 3:1 მოუგო სქოთებს (გოლები კრუიფმა, ჯონი რეპმა და არი ჰაანმა გაიტანეს), ხოლო 24 ივნისს, ამსტერდამში `აიაქსს~ ოდნავ `გაუჭირდა~ 3:2 (ისევ კრუიფი, ისევ ჰაანი და მიურენი).
მომდევნო წელს, `აიაქსს~ უკვე ოფიციალურად, თანაც უკრუიფოდ (დიდი ჰოლანდიელი `ბარსელონაში” გადავიდა) `მილანი~ შემოემარცხა: 0:1 და 6:0 და სუპერთასიც დამკვიდრდა, მაგრამ სამწუხაროდ, 1981 წელს, ჩვენი `დინამო~ და მისგან შეშინებული `ლივერპული~ თარიღებზე ვერ შეთანხმდნენ, არადა, ქართული მხარე ყველაფერზე მიდიოდა...
 

 

უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის, კიევიდან

0.196248