ისევ ჟოზე, ისევ ინგლისში, ისევ დაბოღმილი სახით და ისევ ჩემპიონობისათვის მებრძოლი... სამყაროში მრავალი რამ იცვლება – იცვლებიან ადამიანები, ქუჩები, იცვლებიან პოლიტიკური სისტემები და ბოლოს და ბოლოს, თაობები იცვლებიან, მაგრამ სეუ ჟოზე იგივეა მარად და მარად და მის შეჭმუხნულ შუბლსუკან მიმალულ ტვინში ძველებურად ფუთფუთებს მზაკვარული, ღვარძლიანი, აუტანელი, მაგრამ მთლიანობაში გენიალური აზრები. სწორედ ამიტომაც ჰყავს ამდენი მტერი!
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე იძახდნენ, რომ ჟოზე მოურინიუს დრო წავიდა, ჟოზეს ფანდები გამოელია და ჟოზე უბრალოდ ამოხსნილი ამოცანაა მეტოქეთათვისო, მაგრამ ნურას უკაცრავად – თუ ბიჭები ხართ დაუდექით წინ ამ უხიაგ კაცს და აკადრეთ, რომ პირველობაზე უარი უნდა თქვას, ანდა უთხარით სხვისი უპირატესობა აღიარეო. ამას ჟოზე არასოდეს იზამს სანამ პირში სული უდგას და სანამ მზე ამოდის პირინეის მთებიდან.
გახდება თუ არა ჟოზე მოურინიუს “ჩელსი” კიდევ ერთხელ ინგლისის ჩემპიონი, სიმართლე რომ გითხრთ, ეს ამბავი ყველაზე ნაკლებად მადარდებს და ”ჩელსის” ქართველი ქომაგების გარდა, რთულად სავარაუდოა აბრამოვიჩის გუნდის წარმატებები იბერთა მიწაზე ვინმეს განსაკუთრებულად ახარებდეს, მაგრამ არ ვიცი რა ხიბლი აქვს ამ მოურინიუს ასეთი, რომ როდესაც ჩემთვის ნაკლებად გულმისავალი კლუბი – ლონდონის “ჩელსი” თამაშობს, სულ რომ არ მინდოდეს ამ გუნდის თამაშის ცქერა, ჟოზეს ხათრით მაინც ვუყურებ ხოლმე.,
ჟოზე გამოცანასავით კაცია. არავინ იცის როდის რა მოაფიქრდება თავში და როდის რას ჩაიდენს და ალბათ სწორედ ესაა ფეხბურთის ”ანიცა” და “ჰოეც” – მოულოდნელობები, დაუგეგმავი ამბები, უცნაურობები, სიგიჟეები... თუკი კაცს ეს ყველაფერი ნაკლებად იზიდავს, განგებას მილიონნაირი მშვიდი და კოხტა სპორტის სახეობები შეუქმნია მათთვის ბადმინტონიდან ჭადრაკამდის. თუ სიგიჟე არ გიყვარს, მაშინ ფეხბურთიც არ გიყვარს. თუ ფეხბურთი გიყვარს, მაშინ ემოციებსაც არ უნდა გაექცე კაცი. ჰოდა ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჟოზე მოურინიუმდე, რომელიც თავად არის ემოცია. ცოტა აგრესიული, ალბათ ცოტა საძაგელიც, მაგრამ სწორედ ის, რაც უნდა იყოს რა რის გამოც პირადად მე ვუყურებ “ჩელსის” თამაშებს.
ადრე მახსოვს დავწერე, ჟოზე რომ ქართველი იყოს, ჩვენებური მაქსიმალისტი გულშემატკივრებისგან ალბათ ყოველდღე წყევლა-კრულვა გამოწერილი ექნებოდა - მეთქი და ახლაც ამ აზრზე ვრჩები, იმ განსხვავებით, რომ მივხვდი რატომაც არაა ჟოზე ქართველი და რატომაც არ გვყავს “ჟოზე მოურინიუები” სპორტის არც ერთ სახეობაში. ჟოზე მოურინიუ, ისევე როგორც სხვა ყველა ადამიანი, ჩვეულებრივად, დედის მუცლიდან მოევლინა ამ ქვეყანას და როცა ჩამოჰკრავს ჟამი, ისიც სხვა მრავალის მსგავსად გაუყვება იმ საიდუმლოებით მოცულ ბილიკს, რომელიც ცოტა ხნის წინ მისმა დიდებულმა თანამემამულემ, ეუსებიომ გაიარა. ჩვენსა და ჟოზეს შორის განსხვავება ისაა, რომ ჟოზე ცხოვრობს იმ საზოგადოებაში, სადაც ყიამყრალობა, უჟმურობა, კამათისმოყვარეობა და სხვა და სხვა მანკიერებანი ადამიანის თვისებებად ითვლება და კონკრეტული მწვრთნელი მიღწეული საქმეებით ფასდება და არა მისი სალაპარაკო ენით, კოლოკავით, თმის ვარცხნილობით, ოჯახისშვილობით, ვაჟკაცობით, ჯიგრობით, წარმომავლობითა და ასეთი რამეებით.
საქართველოს ჩემპიონატში რომ იყოს მწვრთნელი, რომელიც თავის მეტოქეებს გამუდმებულად დასცინის, სულ რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს ქართული კლუბი, მისი ბოლო მაინც კლუბიდან გაგდება იქნება. (აბა რა, ”ვიღაც მწვრთნელს” ხომ არ დავისვამთ თავზე ჩვენ, ”ჭეშმარიტი ქართველი ქომაგები”?!) ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და პორტუგალიაში კი ადამიანები სხვა კრიტერიუმებით ფასდებიან და სწორედ ასეთ გარემოში ეძლევათ ნიჭის გაფურჩქვნის საშუალება “ჟოზე მოურინიუებს”. აი სწორედ ამიტომაც არაა მოურინიუ ქართველი!