კალათბურთი

0:12 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ტრავმა – შერმადინი ზურგმა შეაწუხა

საკალათბურთო კლუბმა “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მალაგაში “უნიკახას” მოულოდნელი მარცხი (67:76) აგემა და ეს გუნდის ძირითადი ცენტრის – გიორგი შერმადინის გარეშე მოახერხა. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს ზურგის ტრავმა აწუხებს და მისი თამაში მომავალ ტურშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შერმადინის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ არაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბოსმა ისაუბრა: “მას ზურგის არეში ტკივილები აწუხებს და ეს, ვარჯიშშიც ხელს უშლიდა. გიორგის მოძრაობაც კი არ შეეძლო. ვნახოთ, იქნებ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს”.

არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილიდან ექიმები ქართველი ცენტრის მდგომარეობას კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ და შემდგომ პროცედურებსაც დაგეგმავენ. იმის შანსი, რომ შერმადინმა წლის დასკვნით შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, ძალიან მცირეა. ცნობისთვის, 30 დეკემბერს “სარაგოსა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ვალიადოლიდს” უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრების წევრებს ტრავმებმა დარია ხელი. შერმადინამდე სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოედანს ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი და ლევან ფაცაცია ჩამოშორდნენ.

0.144133